„მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორის ვიყავი და ახლაც მოგმართავთ როგორც შვილი. შვილი, რომელიც ხედავს, რომ მამამისს ემუქრება საფრთხე. როდესაც მამაჩემი დააკავეს, მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მას შეუქმნიდნენ სათანადო პირობებს და მოექცეოდნენ ღირსეულად და რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ვნახეთ ის, რაც ვნახეთ. მე პირადად დავრჩი გაოგნებული. გაოგნებული ჯერ კლინიკაში არგადაყვანით, შემდეგ უკვე ღირსების შელახვით და შემდეგ იმ საზარელი კადრებით, რომელიც წარუშლელად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.
მინდა მივმართო ხელისუფლების მომხრეებს. მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი თავს ჰუმანისტად მიიჩნევს და ისიც მესმის, რომ გაქვთ ძალიან სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმართ. გულწრფელად მინდა, რომ მოვიდეს დრო, როცა საზოგადოება ერთად, ობიექტურად და დაბალანსებულად შეაფასებს წარსულს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება გასცდა თუნდაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად.
სახეზეა, საუკეთესო შემთხვევაში, გულგრილობა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი განზრახ მკვლელობა.
ხელისუფლებას შეუძლია, რომ რამდენიმე მარტივი ნაბიჯით გადაჭრას არსებული პრობლემა და მოხსნას ის საფრთხეები, რომელიც მამაჩემის ჯანმრთელობას ემუქრება. იმედს ვიტოვებ, რომ მისი სიკვდილი არავის უნდა ან აწყობს. ამიტომ, ჩემი სახელით, ჩემი ძმის სახელით და დედაჩვენის სახელით გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში“, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს. ის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, სადაც მთავრობის ინიციატივით შექმნილ ექიმების კონსილიუმსაც არ უშვებენ.
მიხეილ სააკაშვილი გლდანში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ის აცხადებს, რომ რუსთავის ციხიდან მოტყუებით, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის პირობით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.
10 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გამოიყენა. სასამართლომ, მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა, სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა. გარდა ამისა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აცნობოს მას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის) შესახებ, უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და შესაბამისი მოვლა შიმშილობის შემდგომ გამოჯანსაღების პერიოდში.
11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. გასაჯაროებული კადრებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს. კადრების მიხედვით, დაწესებულების თანამშრომლებმა ყოფილი პრეზიდენტი რეანომობილიდან ძალით ჩამოიყვანეს, ხელებსა და ფეხებში მოკიდეს ხელი და ასე აიყვანეს პალატაში.
სააკაშვილი მზად არის გაითვალისწინოს ევროსასამართლოს მოწოდება იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი და „გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი“. ის ასევე უარს აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს „უდიდეს საფრთხეს“ უკავშირდება რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფების სიახლოვის გამო.
ამასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება აღჭურვილია ყველა იმ სამედიცინო ინვენტარით, რომელიც საჭიროა მოშიმშილე პაციენტის მართვისთვის, ასევე შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი მართვისთვის.