weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„სამართალი არ არსებობს“ – წინანდალში მოკლული ნიკა კენჭოშვილის მამა

23:03 შაბათი, 04 დეკემბერი 2021
ტელეკომპანია პირველის ფოტო ტელეკომპანია პირველის ფოტო

წინანდალში 16 აგვისტოს მოკლული 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მშობლები „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურნენ.

ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისინი ამბობენ, რომ თელავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილება გაუგებარია.

„ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის, საიდან გამოაქვთ ეს გადაწყვეტილება?! რა ვიცი, იქ რა მოხდა? შეიძლება იმათი ნასროლი ტყვიითაა ზვიადაურის ძმა მოკლული. მე არ ვიძახი, რომ ამას [ნიკა კენჭოშვილს] არ მოუკლავს, მაგრამ ხომ შეიძლება, იარაღის ტრიალისას იქიდან მოარტყა და მოკლეს ის ადამიანი.

მიბჯენით რად უნდოდა ტყვიის სროლა? ამას, სურათებით გვაქვს ნანახი, 7 ადგილზე აქვს ჩემ შვილს ჭრილობები.

იცით, რას ვეტყვი ზვიადაურს და ეს იქნება ჩემი ბოლო სიტყვა. მე ვიცი, რომ სამართალი არ არსებობს. რასაც ვიტყვი ჩემი შვილის სულის ცხონებისთვის ვიტყვი:

ყველაფერი უფლისთვის მიმინდია, პირადად მე ზვიადაურს შევუნდობ და ვაპატიებ. იმიტომ ვაპატიებ, რომ ჩემი შვილიც აპატიებდა“, – ამბობს მოკლული კენჭოშვილის მამა.

29 ნოემბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ, პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობიდან 50 ათასი ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის მოწმეებზე ზემოქმედების რისკები აღარ არსებობს. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

„ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. შესაბამისად, ამოწურული იყო ყველა ის საფრთხე, რაზეც აპელირებდა პროკურატურა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ზურაბ ზვიადაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რაც ჩვენი კანონმდებლობით არ არის დანაშაული“, – განაცხადა ზვიადაურის ადვოკატმა, მაგდა კოტრიკაძემ.

როგორც ადვოკატმა „პირველთან“ ინტერვიუში თქვა, რამდენი მიმართულებით და რამდენჯერ ისროლა ზურაბ ზვიადაურმა, ვერ იტყვის, რადგან ნიკა კენჭოშვილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ აქვს.

16 აგვისტოს, საღამოს, წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის შედეგად 3 ადამიანი მოკლეს - ზვიად ზვიადაური (ზურაბ ზვიადაურის ძმა), ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი. დაიჭრნენ ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 საათზე, ზვიად მაისურაძეს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ვახტანგ კვანტალიანთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რაშიც ჩაერთნენ ზვიად მაისურაძის ახლობლები - იქ მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილი, ლევან მაისურაძე და სხვები. ჩხუბით განაწყენებულმა ჯაბა ჯანგირაშვილმა მომხდარის შესახებ აცნობა მეგობარ ზვიად ზვიადაურს და სთხოვა დახმარება. ვახტანგ კვანტალიანი 17:00 საათისთვის დაიბარეს ჩხუბის მიზეზის გასარკვევად. დათქმულ დროს მითითებულ ადგილზე მივიდნენ ზვიად ზვიადაური, ვასილ ცოცხალაშვილი, ანზორ შამრელაშვილი და სხვები, ასევე, ზვიად ზვიადაურის ძმა ზურაბ ზვიადაური.

ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

18 აგვისტოს პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]