weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

15:19 ორშაბათი, 29 ნოემბერი 2021
ზურაბ ზვიადაური საკუთარ ადვოკატთან, მაგდა კოტრიკაძესთან ერთად ზურაბ ზვიადაური საკუთარ ადვოკატთან, მაგდა კოტრიკაძესთან ერთად

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ, პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და ის პატიმრობიდან 50 ათასი ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ზვიადაურმა გირაო 40 დღეში უნდა გადაიხადოს. მოსამართლის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის მოწმეებზე ზემოქმედების რისკები აღარ არსებობს.

სასამართლო დარბაზიდან 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ამავე საქმეზე ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი, რომელსაც ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა ედება.

„საავადმყოფოში მიყვანიდან დაახლოებით 5-6 საათი ეზოში ვიყავი გაჩერებული, შემდეგ მეგობრის მანქანაში ჩავჯექი, დავტოვე ეზო და გარეთ დავდიოდი. მერე, ავდექი და მივედი პოლიციაში, მივეცი ჩვენება. როცა საავადმყოფოში მივედი, ალბათ ერთი საათი, სანამ ხალხი შეკრიბებოდა, როცა გავიგე, მესამე პირიც გარდაიცვალა და კითხულობდნენ, რა მოხდა, პოლიციას დავუძახე და ვუთხარი, რომ ეს ჩემი ჩადენილია, მე აქ ვარ, აქ არის იარაღი, რომლითაც ეს ყველაფერი მოხდა, მანქანაც აქ არის. ამ ყველაფერს ხალხი ესწრებოდა. მიმალვა ან გაქცევა თუ მინდოდა, 5-6 საათი დრო მქონდა და მას შემდეგ მეგობარს ჩავუჯექი მანქანაში და საათი-საათნახევარი გარეთ დავდიოდი. თავისუფლად შემეძლო, ავმდგარიყავი და წავსულიყავი“, - განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა სასამართლო პროცესზე.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პროკურორს ჰკითხა, ჰყავს თუ არა პროკურატურას ვინმე ისეთი მოწმე, რომელიც ბრალდებულის მონათხრობს და მითითებულ გარემოებებს სხვანაირად ყვება. „დიახ, ჩვენ გვყავს მოწმეები. ესენი არიან რამაზ კენჭოშვილი და გაგა კენჭოშვილი. ისინი არ ადასტურებენ, რომ ნიკა კენჭოშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა“, - უპასუხა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა მოსამართლეს.

„ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. შესაბამისად, ამოწურული იყო ყველა ის საფრთხე, რაზეც აპელირებდა პროკურატურა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით,

ზურაბ ზვიადაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რაც ჩვენი კანონმდებლობით არ არის დანაშაული, – განაცხადა ზვიადაურის ადვოკატმა, მაგდა კოტრიკაძემ.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას პროკურატურა არ გაასაჩივრებს. ზვიად ზვიადაურის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება არ საჩივრდება - პროკურატურა ზვიადაურზე

16 აგვისტოს, საღამოს, წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის შედეგად 3 ადამიანი მოკლეს - ზვიად ზვიადაური (ზურაბ ზვიადაურის ძმა), ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი. დაიჭრნენ ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 საათზე, ზვიად მაისურაძეს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ვახტანგ კვანტალიანთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში, რაშიც ჩაერთნენ ზვიად მაისურაძის ახლობლები - იქ მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილი, ლევან მაისურაძე და სხვები. ჩხუბით განაწყენებულმა ჯაბა ჯანგირაშვილმა მომხდარის შესახებ აცნობა მეგობარ ზვიად ზვიადაურს და სთხოვა დახმარება. ვახტანგ კვანტალიანი 17:00 საათისთვის დაიბარეს ჩხუბის მიზეზის გასარკვევად. დათქმულ დროს მითითებულ ადგილზე მივიდნენ ზვიად ზვიადაური, ვასილ ცოცხალაშვილი, ანზორ შამრელაშვილი და სხვები, ასევე, ზვიად ზვიადაურის ძმა ზურაბ ზვიადაური.

ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

პროკურატურამ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზურაბ ზვიადაური ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

„ზურაბ ზვიადაურმა 27 წლის ნიკა კენჭოშვილს შურისძიების მოტივით ესროლა. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა გამოირიცხა და ამიტომაც აქვს მას ბრალად წარდგენილი განზრახ მკვლელობა“, – განაცხადა კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა.

რაც შეეხება ჯანგირაშვილს, რომელიც ზვიადაურების მეგობარი და ახლობელია, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ამ თემაზე:

ზვიადაური რომ გაქცეულიყო ან პოლიციაში დაერეკა, ვეღარ ვიძმაკაცებდი - ჭრიკიშვილი

ზვიადაურს თავდებში ზაქარია ქუცნაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც უდგებიან

ზურაბ ზვიადაურს თავდებში ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე უდგებიან

ზვიადაური დანაშაულს არ აღიარებს - აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ვმოქმედებდი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]