პარლამენტის ბიურომ გუშინ გადაწყვიტა დაჩქარებული წესით განიხილოს „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამის თაობაზე. კოალიციის შეფასებით, საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების მატარებელია და განმარტებით ბარათში წარმოდგენილი არგუმენტაცია უკიდურესად პრობლემური და არასაკმარისია.
„კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან არ ირკვევა საკანონმდებლო პაკეტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე მიღების აუცილებლობა. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები დაჩქარებული წესით მიღების შემთხვევაშიც კი, 2022 წლის მარტიდან ამოქმედდება.
აღნიშნული აძლიერებს ეჭვს, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ არსებობს და პარლამენტის რეალური მიზანი, სრულყოფილი და პროფესიული განხილვების თავიდან აცილებაა.
საგანგაშოდ მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე არ არის სათანადოდ შეფასებული. არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას. ამ საკითხის გამოკვლევა კანონპროექტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე წარმოუდგენლია“,– აცხადებს კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონპროექტის მომზადების პროცესში არ არის მიღებული კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებისგან, კანონპროექტს არ ერთვის დარგის ექსპერტების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის, სათანადო დასკვნები და შეფასებები.
კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ განცხადებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და ერთ დღეში მისი ორი მოსმენით მიღება გამორიცხავს სრულფასოვან საპარლამენტო განხილვას, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების წარდგენას და კანონპროექტის დახვეწას.
„აღნიშნული პროცედურები პრინციპულად მნიშვნელოვანია ინიციატივებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების გამოწვევა შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტისა და მედია სექტორისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანასაც ითვალისწინებს. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, აკრძალება აზარტული თამაშის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთ რეკლამას მაუწყებელი სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოებისთვის ჯერ შეზღუდვების დაწესებას, შემდეგ კი საერთოდ აკრძალვას აპირებს. ღარიბაშვილის ინიციატივით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველებს და საჯარო მოხელეებს, ასევე, პირებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით მოხვდებიან.
„აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამების განთავსება. სათამაშო ბიზნსოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობა გეგმავს, რომ აზარტულ თამაშებზე წვდომა ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეუზღუდოს. ღარიბაშვილის ინფორმაციით, ონლაინ კაზინოების მეშვეობით ქვეყნიდან მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება.