weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„შსს-მ უცხოელი ექსპერტები არ მოიწვია“ – სიმონიშვილი ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნაზე

18:11 პარასკევი, 07 იანვარი 2022

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ეხმაურება. სიმონიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზაში უცხოელი ექსპერტები არ ჩართო. 

ახალგაზრდა იურიტსთა ასოციაცია ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს იცავს. ნიკა სიმონიშვილის ინფორმაციით, დასკვნის არსებობის შესახებ ადვოკატებმა მედიიდან შეიტყვეს. 

„ექსპერტთა ჯგუფის დაკომპლექტებისას, შსს-მ საჯაროდაც და პირადადაც შესთავაზა ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების დასახელება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ შეფასებაში. ჩვენ შევთავაზეთ ამერიკელი ან ბრიტანელი სახელმწიფო ექსპერტების მოწვევა, მაგრამ შსს-მ უარი გვითხრა, იმ მოტივით, რომ არ გვაქვს მათთან თანამშრომლობის გამოცდილებაო (!!!), რის შემდეგაც შემოგვთავაზეს შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა, რომლებიც საბოლოოდ არ მოიწვიეს და ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ქართველი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ექსპერტიზა.

მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ლექსოს ცხედარი გაიტაცეს მაშინ, როდესაც ოჯახის ადვოკატები გზაში ვიყავით და ლექსოს სახლისკენ მივდიოდით, ხოლო დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ჩვენთვის უცნობია, რამე მანიპულირება ხომ არ მოხდა ცხედარზე.

ასევე არ მინდა ყურადღებიდან გამომრჩეს ამ ამბის გახმაურების ფორმაც და რაც შსს-მ დღეს გააკეთა, ლექსოს მორიგი მკვლელობა იყო. ჯერ ის არ იკმარეს, ივლისში უკანონოდ რომ გაავრცელეს ინფორმაცია და ახლაც ყოვლად გაუგებარი და მიუღებელი ფორმებით გააკეთეს იგივე. ცოტა ადამიანობა მაინც რომ ჰქონდეთ შსს-ში დარჩენილი, დაფიქრდებოდნენ იმაზე, რამხელა ზიანის მომტანია ამ ინფორმაციის ამ ფორმით ფრიალი ლექსოს ოჯახისთვის.

ჩვენც, ოჯახის ადვოკატებმა, მედიის მეშვეობით გავიგეთ ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე მაშინ, როდესაც ერთ კვირაზე მეტია, რაც გამოძიებას შედეგები ჰქონდა და მანამდე არაფერი თქვეს, სანამ იუნესკოს გადაწყვეტილება არ გახდა ცნობილი.

რაც შეეხება დასკვნის შინაარსს, მას დეტალურად არ ვიცნობთ და მას შემდეგ, რაც გავეცნობით, უფრო მეტის თქმა შეგვეძლება“, – აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მედიის საშუალებით დღეს, ლაშქარავას გარდაცვალების 6 თვისთავზე გასაჯაროვდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) ქართველო ოპერატორი მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. 

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი „ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა 30 დეკემბერს მიიღეს და ის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.
2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მათ შორის იყო 36 წლის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ჰომოფობიურად განწობილი ჯგუფი თავს მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში დაესხა და სასტიკად სცემა. ლაშქარავა საავადმყოფოდან 8 ივლისს გაწერეს, 11 ივლისის დილას კი საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, როდესაც საგამოძიებო უწყება მიანიშნებდა, რომ ოპერატორი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით იყო გარდაცვლილი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ ლაშქარავამ 10 ივლისს ფონიჭალის დასახლებაში შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდეგ მოიხმარა. 

შსს-მ ალექსანდრე ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ჯგუფური ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]