weather cur horoscope tv
მაისი 20, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

მივედი დასკვნამდე, რომ ლაშქარავა „ჰეროინით“ ინტოქსიკაციით გარდაიცვალა – ექსპერტი

16:40 შაბათი, 08 იანვარი 2022

ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას ექსპერტიზაში ჩართული ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას ეთანხმება. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა. გეჯაძე ტელეკომპანიის მიერ დაქირავებული ექსპერტი იყო.

„გავეცანი, დეტალურად შევისწავლე სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების მიერ მოწოდებული საექსპერტო დასკვნის პროექტი. ბუნებრივია, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საჭიროებდა ვიწროპროფილურ სპეციალურ ცოდნას, მივიღე გარკვეული კონსულტაციები ჩვენი ექსპერტიზის ცენტრის ორი კონსულტანტისგან. შემდეგ უკვე, გავაანალიზე და შევისწავლე რა მთლიანად ეს მონაცემები ლაბორატორიული კვლევის და ა.შ., 

მე პირადად მივედი საბოლოო დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია „ჰეროინის“ მოხმარებით განპირობებული ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია, რამაც შედეგად განაპირობა გულსისხლძარღვთა მწვავე და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“, – განაცხადა გეჯაძემ. 

ექსპერტის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საბოლოო დასკვნას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა, დოკუმენტის ასლი კი 4 იანვარს მიიღო. მისი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უფლება არ ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ინფორმაცია დამქირავებლისთვის – ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიეწოდებინა. 

„ამ შემთხვევაში დამკვეთი იყო სახელმწიფო სტრუქტურა, გამოძიება, შემსრულებელი კი სამხარაულის საექსპერტო ცენტრი. მე ვიყავი კომისიაში მოწვეული და ჩართული. სანამ გამოძიება არ გამოამზეურებდა, არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერებიდან გამომდინარე, უფლება არ მქონდა რაიმე ინფორმაცია მიმეცა „ტვ პირველისთვის“. კანონის ფარგლებში მოვიქეცი. ამ ინფორმაციის დამალვის არანაირი ინტერესი და მიზანი არ მქონდა“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ლაშქარავას გარდაცვალების 6 თვისთავზე, 2022 წლის 7 იანვარს მედიით გასაჯაროვდა. ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) ქართველო ოპერატორი მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. 

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია „ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“. დასკვნის იმ ფრაგმენტებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიას მიაწოდა, საუბარია ლაშქარავას სხეულზე არსებულ სხვადასხვა დაზიანებაზე, თუმცა ექსპერტიზის თანახმად, ისინი „არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან “.

დასკვნის არსებობის შესახებ გარდაცვლილის ოჯახმა და მისი ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მედიიდან შეიტყვეს. საიას განცხადებით, დასკვნის მიმართ ნდობას ამცირებს ის ფაქტი, რომ საჯარო შეთავაზების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზაში არ ჩართო საერთაშორისო ექსპერტები, ასევე ის, რომ შსს-მ ექსპერტიზის დასკვნა „არაპროპორციული მოცულობით“ გაავრცელა. საია საგამოძიებო უწყებიდან ექსპერტიზის დასკვნის გამოთხოვას აპირებს, რის შემდეგაც დოკუმენტის სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა ექნება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა 30 დეკემბერს მიიღეს და ის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მათ შორის იყო 36 წლის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ჰომოფობიურად განწობილი ჯგუფი თავს მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში დაესხა და სასტიკად სცემა. ლაშქარავა საავადმყოფოდან 8 ივლისს გაწერეს, 11 ივლისის დილას კი საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, როდესაც საგამოძიებო უწყება მიანიშნებდა, რომ ოპერატორი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით იყო გარდაცვლილი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ ლაშქარავამ 10 ივლისს ფონიჭალის დასახლებაში შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდეგ მოიხმარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]