weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა ლორთქიფანიძემ მთხოვა – ცომაია

18:40 ხუთშაბათი, 13 იანვარი 2022
ფოტოზე - გიორგი ლორთქიფანიძე ფოტოზე - გიორგი ლორთქიფანიძე

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე ბრალებულმა ელგუჯა ცომაიამ დაადასტურა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი (გია) ლორთქიფანიძემ სთხოვა.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს, ცომაიამ განაცხადა, რომ ლორთქიფანიძე მას 2021 წლის დასაწყისში, კიევში შეხვდა და ჰკითხა, შეძლებდა თუ არა, საქართველოში კაცის გადაყვანას. როგორც ელგუჯა ცომაია ამბობს, ლორთქიფანიძეს საკუთარი პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვა, მოგვიანებით კი გაიგო, რომ სააკაშვილის გადაყვანაზე იყო საუბარი. 

„რა თქმა უნდა, თქვენ ყველა თვლით,რომ დამნაშავე ვარ. მეც ვთვლი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ იმ მომენტში, როცა ეს მითხრა, საკუთარი თავი დამნაშავედ არ ჩავთვალე. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ეს მანდო.

ასე დამთავრდა ჩვენი საუბარი. მერე წამოვედი საქართველოში, მერე ისევ წავედი უკრაინაში და მერე დავბრუნდი საქართველოში და მეუღლეც გარდამეცვალა. ვიყავი განერვიულებული, 40 დღეა გასული, მირეკავს გია ლორთქიფანიძე. ამ დროს ვარ ქალაქ აბაშაში, ჩემს სახლში, ეს იყო 15-16 სექტემბერი. რომ დამირეკა, მითხრა, უნდა წამოხვიდეო. ავიღე ბილეთი. ჩვენ ერთმანეთს WhatsApp-ით ვურეკავდით, მეტი ტელეფონი არ მქონდა. მითხრა წამოდი უკრაინაშიო, რაზედაც მე დავთანხმდი, დავიტვირთე მანქანა და ოდესისკენ წავედი. 

გემი უნდა ყოფილიყო 27 სექტემბერს, მაგრამ მაშინ რაღაც პრობლემები იყო გემის გრაფიკთან დაკავშირებით და ისე მოხდა, რომ 27 სექტემბრის ნაცვლად, 26 საღამოს უნდა წასულიყო, ილიჩოვსკის პორტიდან. ამ დროს ისევ ვურეკავ გია ლორთქიფანიძეს. ვუთხარი, გემი არის 26 რიცხვში და უნდა გავყვე, ბილეთიც ნაყიდი მაქვს-მეთქი. მითხრა, რომ პრობლემა არ არისო. პორტის შესასვლელთან, დაახლოებით კილომეტრნახევარში იყო ბენზინგასამართი სადგური და იქ დავდექი. ვუთხარი, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ უნდა მოსულიყო. ღამე იყო, დაახლოებით 8-9 საათი, ვიჯექი კაბინაში და ისე მოადგა მანქანა უკან, არც ჩამოვსულვარ. მე იმის მერე ჩამოვედი მანქანიდან, როცა ის მანქანა წავიდა. ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილიც. კაცს პირველად ვხედავ, ბოლოს და ბოლოს, მესამე პრეზიდენტი იყო, მივესალმე. მე ჩავჯექი კაბინაში. მიხეილ სააკაშვილი ავიდა ზევით, საწოლზე. გამომდინარე იქიდან რომ უკრაინაში ხშირად დავდივარ და რამდენიმე წელია, არც მებაჟეს და არც მესაზღვრეს ისე არ გაუსინჯავს, როგორც წესია. ჩვეულებრივ შევედით გემზე. ამგვარად გავიარეთ ეს პროცედურები“, – განაცხადა ცომაიამ.

ამასთან, როგოც ელგუჯა ცომაიამ აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია, რომ მიხეილ სააკაშვილი მის სახლში იყო.

„ჩემთვის დიდი პატივისცემა იყო, მიხეილ სააკაშვილი ჩემს სახლში რომ იყო, ერთ ადგილას, მეორე ადგილას, ჩემი ბავშვების ოთახში რომ ეძინა. აქვე, მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ახალი წელი და პირადად დედამისს. ჩემი ბრალია, რომ ასეთ მდგომაროებაში მოხვდა, მაგრამ რა ვქნათ. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, არავინ დაინტერესებულხართ, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. თქვენ აზრზე არ ხართ, რამდენი პრობლემა მაქვს მე გადატანილი. ჰაერზე არ ვამბობ, ყველა საბუთებით მაქვს. ვერც საგადასახადომ მიშველა, ვერც პოლიციამ, ვერც ძველბიჭებმა, ვერც ვერავინ მიშველა, ერთადერთმა ადამიანმა მითხრა, შევძლებო რაღაც მოქმედებას, ეს იყო გია ლორთქიფანიძე. როგორ არ უნდა ვცე მაგას პატივი“, – განაცხადა ელგუჯა ცომაიამ.

სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმობაში იმყოფება. ცომაიას ბრალად მძიმე დანაშაულის დაფარვა და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებ ედება. საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გიორგი ლორთქიფანიძის მიმართაც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, 20 ოქტომბერს კი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით ბრალდება წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ის ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა. 

ელგუჯა ცომაიას გარდა, სააკაშვილის საქართველოში არალეგალურად შემოსვლის საქმეზე კიდევ სამი ასამიანია დაკავებული – გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]