weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ვეტოს გამოყენება ადამიანის უფლებების სფეროსთვის მნიშვნელოვანი მესიჯი იქნებოდა – თოლორაია

19:29 ხუთშაბათი, 13 იანვარი 2022

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონზე ვეტოს დადება პრეზიდენტის მხრიდან მნიშვნელოვანი მესიჯი იქნებოდა.

„ვეტოს მოლოდინი არსებობდა. მოლოდინი გააჩინა მისმა საკმაოდ მწვავე განცხადებამ, რომელიც მან გაავრცელა რამდენიმე დღის წინ, რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ალბათ, უფრო კონკრეტულად მას უნდა ვკითხოთ, რა გახდა ვეტოს გამოუყენებლობის მიზეზი იმ ფონზე, როდესაც თავად ხედავს არაერთ პრობლემას ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და პრობლემები, რომელზეც ის საუბრობდა პირველ განცხადებაში, რეალურად პრობლემად დარჩა. ამიტომ თავისთანად ცხადია, ამ ვეტოს მოლოდინი არსებობდა“, – განაცხადა თოლორაიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ლონდა თოლორაიას თქმით, საკმარისი საფუძველი არსებობდა იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვეტოს უფლება გამოეყენებინა. ასეთ საფუძვლებს შორის სახელმწიფო ინსპექტორმა დაასახელა ის ფაქტი, რომ კანონპროექტზე „ქართულმა ოცნებამ“, მისი შეფასებით, კონსპირაციულად, დახურულ კარს მიღმა, გაუმჭვირვალედ იმუშავა და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც არჩევითი თანამდებობა გაუქმდა, დაჩქარებული წესით მიიღო.

„თუმცა, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტი საკითხია. ამიტომ მას უნდა ვკითხოთ, რატომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმანაც, რომ პარლამენტმა წინასწარ გამოაცხადა, რომ არანაირი აზრი ვეტოს არ ექნებოდა და ის იქნებოდა დაძლეული. 

თუმცა, რა თქმა უნდა, ამ სამსახურისთვის და ზოგადად, ადამიანის უფლებების სფეროსთვის ვეტოს გამოყენება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი – მესიჯი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არსებოიბენ ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების კუთხით უფრო მეტად ფიქრობენ. ეს აქტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

ზოგადად, ძალიან რთულია ამ ქვეყანაში ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება. მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რამდენად რთულია სწორი პოზიციის დაკავება სწორ დროს, თუმცა ხელის მოწერას, მოჰყვა მისი მწვავე განცხადება, სადაც აღნიშნულია არაერთი პრობლემის შესახებ, რაზეც მეც ვსაუბრობდი, რომელიც მასაც აქვს დანახული და ფაქტია, რომ ეს კანონი ამ ფორმით პრეზიდენტისთვის მისაღები არ არის. რატომ არ იქნა ეს ვეტოში გამოხატული, ამაზე, ალბათ, თავად ექნება კომენტარი“, – განაცხადა თოლორაიამ.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სახელმწიფო ისნპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნას ითვალისწინებს. პრეზიდენტის განცხადებით, უსამართლო ვითარება შეიქმნა, თუმცა სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არ ჰქონდა. 

„ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე“, – წერს ზურაბიშვილი თავის განცხადებაში. 

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პირველი მარტიდან გაუქმდება. შესაბამისად, თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდება პარლამენტის მიერ 2019 წელს, 6 წლის ვადით არჩეული ლონდა თოლორაია, ასევე, პოსტებს დატოვებენ მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]