ზაქრო ბერძნიშვილის საქმეში იაგო ნებიერიძე ფიგურირებს, რომელსაც 2018 წლის ოქტომბერში გორში, 8 წლის ნანიკო ბერიაშვილის განზრახ მკვლელობისა და არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს. ნინიკო ბერიაშვილიც გაიტაცეს. მისი ცხედარი რამდენიმე საათში წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის პირას იპოვეს. ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. 2019 წლის მასში, სასამართლომ ნებიერიძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
იაგო ნებიერიძის დაკავების შემდეგ გორში მცხოვრებმა ხათუნა ბერძნიშვილმა განაცხადა, რომ ნებიერიძე მისი შვილის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა.
„ჩემი შვილი 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში: თქვენი შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მასზე მივიტანეთ. ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა, თუმცა, სასჯელი გამოძალვაზე მოიხადა“, – ამბობდა ხათუნა ბერძნიშვილი.
2018 წლის დეკემბერში 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის საფლავის სამძებრო სამუშაოები განახლდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე. 2019 წელს სამუშაოები კულტურისა და დასვენების პარკში მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ ეს პროცესი უშედეგოდ დასრულდა.