weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად თბილისში მსვლელობა გაიმართა

22:42 ოთხშაბათი, 18 მაისი 2022
ფოტო © საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / Facebook ფოტო © საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / Facebook

მედიის წარმომადგენლების ორგანიზებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გაიმართა, რომლის მონაწილეებმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, პატიმრობაში მყოფ ნიკა გვარამიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და მის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტი უნდა იქნეს გამოყენებული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პროფესიული მოვალეობის ფარგლებში ბევრ რამეს გავაკეთებთ – პროცესების გაშუქებიდან დაწყებული, ანალიზით დასრულებული, მაგრამ ამის გარდა, იქნება აქტივიზმი და საერთაშორისო სივრცეებთან ურთიერთობა.

ჩვენ ეს გამოწვევა დაგვიდო ივანიშვილმა. ჩვენ თავდასხმის ობიექტები ვართ. ვართ საფრთხის წინაშე, რომ ამ ქვეყანაში მედია ან იქნება ან არა. თუ მას ეს ნაბიჯი შერჩება, წინ წავა და მიადგება ყველა ჟურნალისტს. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს არ ვიცავთ, ჩვენ ვიცავთ მაყურებლის მთავარ უფლებას – მიიღოს განსხვავებული ინფორმაცია.

ეს აქცია იყო მხოლოდ მედიის მიერ ძალიან სწრაფად ორგანიზებული. ჩვენ არ ვიყავით დღეს ცოტა. საზოგადოების რაღაც ნაწილი, ვინც გაიგო ამ აქციის შესახებ, შემოგვიერთდა. მე მგონია, რომ ჩვენ, მედიას გვაქვს დიდი რესურსი და ამ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ჟიჟილაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

საქართველოში „ღია საზოგადოების ფონდის“ დირექტორის, ქეთი ხუციშვილის თქმით, მედიის დევნა დემოკრატიის დასასრულს ნიშნავს.

„ჩვენ დღეს მხარი დავუჭირეთ ჟურნალისტთა სოლიდარობის მსვლელობას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ნიკას თავისუფლებას, „მთავარი არხის“ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, მაგრამ, რაც მთავარია, საქართველოში მედიის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და ქვეყნის რეალურ დამოუკიდებლობას, რადგან, სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი უკვე კითხვის ქვეშ დადგა“, – აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა.

სოლიდარობის მსვლელობა ტელეკომპანია „მთავარის“ ტერიტორიაზე დასრულდა. არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გაბუნიას თქმით, დღეს ნიკა გვარამია საქართველოს თავისუფლების სიმბოლოა.

„მასთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ დააპატიმრა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება და ჩვენი დამოუკიდებლობა, არამედ დააპატიმრა ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ ჩენ ვიბრძოლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტელეეკრანებზე „მთავარი არხის“ ლოგო არ გაქრეს“, – თქვა გაბუნიამ.

16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა გვარამიას „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებოდა. კერძოდ, ამტკიცებდა, რომ მას მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო „რუსთავი 2“-სთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, სასამართლომ კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო და გვარამიას სასჯელი შეეფარდა იმისთვის, რაც „საერთოდ არ ითვლება დანაშაულად“.

განაჩენს „უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდეს ადგილობრივმა უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა Amnesty International-ი, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ განხორციელებული პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში აქტია.

განაჩენის გამო შეშფოთება გამოთქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ განაჩენით იმედგაცრუებულნი არიან, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, განაჩენი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.

 

ამ თემაზე:

9 ევროპარლამენტარი: გვარამიას მიმართ განაჩენი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]