weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გოგაშვილი ამბობს, რომ აფგან მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს

21:49 სამშაბათი, 26 ივლისი 2022
აფგან მუხთარლი აფგან მუხთარლი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, პატიმრობაში მყოფი იოსებ გოგაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, გატაცების ამსახველი კადრები კი სუს-ის ოპერატიულ ტექნიკურმა დეპარტამენტმა (ოტო) წაშალა.

გოგაშვილის განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მისი დაკავება ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალებაა, რომელიც „ბრმად შეასრულეს“ სუს-ის ამჟამინდელმა უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. როგორც იოსებ გოგაშვილი ამბობს, ახლა ჯერი „შოთაძეზე და ჩინჩალაძეზე“, ანუ პროკურატურასა და სასამართლოზეა - „როგორ აკინძავენ ყალბ მტკიცებულებებსა და როგორ მიუსჯიან უკანონო სასჯელს“.

„სხვათა შორის უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების შემოტანა დააფიქსირა გარე და შიდა მეთვალყურეობის კამერებმა და ჩემი ოჯახის წევრებმა, მაგრამ შევიტყვე, რომ კამერები დაზიანებულია და ჩანაწერები წაშლილია ოტოს მიერ, ისევე როგორც ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო.

1) როგორიც იყო გელა ხვედელიძის ცემა ტელეფონზე ბიძინას გინების გამო, რომელიც შეასრულა ფარცხალაძის ბანდამ, ფაქტები კი ოტომ გააქრო 2) ბიძინას დავალება - მუხთალის სუს-ის ზონდერების მიერ გატაცება, რომელიც ასევე ოტომ წაშალა“, – აცხადებს იოსებ გოგაშვილი.

აფგან მუხთარლი, რომელიც 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა, თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი აზერბაიჯანში, პოლიციის იზოლატორში აღმოჩნდა. აზერბაიჯანში მუხთარლის ბრალად დასდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2018 წლის თებერვალში, პატიმრობაში მყოფმა მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორობის „მსხვერპლია“. ჟურნალისტის თქმით, ის საქართველოში ილჰამ ალიევის ბიზნესს იძიებდა, რის გამოც თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს. საქართველოს ხელისუფლებამ ჟურნალისტის ბრალდებები მის საქმესთან სამართალდამცავი უწყებების კავშირის შესახებ უარყო. 2020 წლის მარტში მუხთარლი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის გერმანიაში გაემგზავრა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გამოძიება ამ დრომდე დასრულებული არ არის. 2021 წლის აპრილში მუხთარლი თბილისში იმყოფებოდა და პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას აპირებდა. პრესკონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის გატაცებაზე თანხმობა ბიძინა ივანიშვილმა გასცა.

„აზერბაიჯანულმა მხარემ გადაიხადა დიდი ოდენობის ქრთამი. აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის პირმა მითხრა, რომ აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა სამი წლის განმავლობაში, აქ, თბილისში, დაზვერვისთვის 11 მილიონი დოლარი გადაიხადეს, ჩემი გატაცებისთვის 3 მილიონი დოლარი. ეს ფული ჩვენმა მხარემ თქვენს ხელისუფლებას გადაუხადა“, – ამბობდა მუხთარლი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]