weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

CNN: რუსეთმა ამერიკელი პატიმრების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა მოითხოვა

12:16 შაბათი, 30 ივლისი 2022
ვადიმ კრასიკოვი და ზელიმხან ხანგოშვილი ვადიმ კრასიკოვი და ზელიმხან ხანგოშვილი

რუსეთმა პატიმრობაში მყოფი ორი ამერიკელის გათავისუფლების სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვის გადაცემა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, თვის დასაწყისში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის („ეფესბე“) არაფორმალური არხების მეშვებით რუსებს კომუნიკაცია ჰქოდათ აშშ-ის წარმომადგენლებთან, რა დროსაც თქვეს, რომ კრასიკოვის გათავისუფლება სურთ. როგორც CNN-ს წყაროებმა უთხრეს, ამერიკულმა მხარემ ეს მოთხოვნა პრობლემურად მიიჩნია, მათ შორის იმ მიზეზების გამო, რომ კრასიკოვი პატიმრობაში გერმანიაში იმყოფება და კომუნიკაცია არაფორმალური არხებით შედგა.

რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდაში ბრალდებული ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტანი გრაინერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კანაფის ზეთის შემცველი ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯების რუსეთში შეტანის მცდელობისთვის მას 10 წლამდე პარტიმრობა ემუქრება. აშშ გრაინერის და კიდევ ერთი პატიმრის, ჯაშუშობისთვის გასამართლებული პოლ უილანის გადაცემას ითხოვს. ამ უკანასკნელს 2020 წელს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც ცნობილია, რუსეთი მათი გადაცემის სანაცვლოდ აშშ-ში იარაღის კონტრაბანდისთვის გასამართლებული ვიქტორ ბუტის გათავისუფლებას ითხოვდა.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, CNN-ს უთხრა, რომ შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა გერმანელებს მაინც ჰკითხეს, შეეძლოთ თუ არა „ვაჭრობაში“ კრასიკოვის ჩართვა. CNN-ის წყარო იმასაც ეუბნება, რომ ეს საკითხი გერმანიის მთავრობაში უმაღლეს დონეზე არასდროს ყოფილა განხილული.

„მესამე ქვეყანაში დაპატიმრებული რუსი მკვლელის გათავისუფლებისთვის ორი უკანონოდ დაკავებული ამერიკელის მძევლად აყვანა არ არის სერიოზული კონტრშეთავაზება.

ეს არის გარიგების ჩაშლის არაკეთილსინდისიერი მცდელობა“, – უთხრა CNN-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ედრიენ უოტსონმა მას შემდეგ, რაც სტატია გამოქვეყნდა.

CNN-ის თანახმად, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ არასერიოზული შეთავაზებებით რუსეთი გრაინერის სასამართლო პროცესის დასრულებამდე დროის გაყვანას ცდილობს.

2021 წლის დეკემბერში ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ფედერალური პროკურატურის მოთხოვნა და საქართველოს მოქალაქის, 40 წლის ზელიმხან (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობიდან იყო. ის ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

ხანგოშვილი საქართველოდან გერმანიაში 2015 წელს, მასზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ გაემგზავრა და თავშესაფარს ითხოვდა. ის ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ზელიმხან ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. მკვლელი – რუსული პასპორტის მიხედვით, ვადიმ სოკოლოვი – იმავე დღეს დააკავეს.

რუსეთის ხელისუფლება მკვლელობასთან კავშირს უარყოფდა, ხოლო საკუთარი მოქალაქისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებად აფასებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]