რაც შეეხება ასათიანის კონკურენტ ლევან ჯანაშიას, მან მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. ამის მიუხედავად, მას 23-მა ადვოკატმა ხმა მაინც მისცა.
„ადვოკატთა ასოციაცია დარჩება ერთიან ორგანიზაციად და კიდევ უფროი გაძლიერდება. იქნება ისეთივე დამოუკიდებელი როგორც არის. მეორედ გამოცხადებული ნდობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადვოკატს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში. კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება და ჩატარებული არჩევნების სრული ლეგიტიმაცია“, - განაცხადა დავით ასათიანმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 9 დეკემბერს ჩატარდა. არჩევნებზე ასოციაციის წევრი 4568 ადვოკატიდან 2324 დარეგისტრირდა, კენჭისყრაში მონაწილეობა კი 2054-მა მიიღო. დავით ასათიანს ხმა 1128 -მა ადვოკატმა მისცა, ლევან ჯანაშიას 632-მა, ხოლო დავით ლანჩავას 160-მა. ხმის დამთვლელი კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა.
ჯანაშია და ლანჩავა აცხადებდნენ, რომ პირველი ტური დარღვევებით ჩატარდა და არჩევნები დავით ასათიანის სასარგებლოდ გაყალბდა. ლევან ჯანაშია 9 დეკემბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს, რის გამოც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და ბოიკოტისკენ სხვა ადვოკატებსაც მოუწოდა.
ადვოკატთა ასოციაციას დავით ასათიანამდე ზაზა ხატიაშვილი 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მეორე ვადით ის 2013 წელს აირჩიეს.