„მწერლები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ფენა ვართ ამ ქვეყანაში, რომლებსაც გვიწევს ათას სხვადასხვა სამსახურში მუშაობა, თავი რომ გავიტანოთ თვიდან თვემდე. და მაინც: ზვიად რატიანისთვის საჭირო 2000 ლარი რამდენიმე საათში შევაგროვეთ და უცხო არც არავინ შეგვიწუხებია. ზოგმა ალბათ უკანასკნელი თეთრი გაიღო. აქ და ახლა ისტორია იწერება - ზუსტად ის ხდება, რაც იოსიფ ბროდსკის სასამართლოზე ხდებოდა, ზუსტად იგივე რიტორიკა, ზუსტად იგივე ცინიზმი მოსამართლის მხრიდან, ზუსტად იგივე მონდომება დაქირავებული ხელის ბიჭების მხრიდან.
და ზუსტად იგივე მოხდება, რაც მოხდა ბროდსკის შემთხვევაში: ყველა ის ადამიანი, რომელიც დაუცველი და ნაწამები პოეტის (ან სხვა ნებისმიერი პროფესიის მქონის) კიდევ უფრო დასჯას ითხოვს, ტალახს ისვრის ყველა მხრიდან და მოქალაქეებზე მოძალადე სისტემას ამართლებს, აღმოჩნდება ისტორიის ყველაზე სამარცხვინო მხარეს. თქვენ უკვე მოაწერეთ ხელი თქვენს ბიოგრაფიებს. ჩვენ მხოლოდ ესთეტიკურად გავაფორმებთ ამ ყველაფერს. ჩათვალეთ, ლიტერატურის ისტორიაში უკვე შესულია ის ფაქტი, რომ ამ სისტემამ შეთითხნა ვიდეო, სამარცხვინოდ დაამონტაჟა და ცოფიან ფანატიკოსებს საჯიჯგნად გადაუგდო თაობის საუკეთესო პოეტი. თქვენს შვილებს აუცილებლად ასწავლიან სკოლაში, ეს ვინ ქნა და რატომ. ჰოდა, დატკბით სისხლით, სანამ დრო გაქვთ, მძორებო! ჩვენ მაინც არ გავჩერდებით, პირიქით“, - წერს პაატა შამუგია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის მუხლით იყო დაკავებული, სამართალდამრღვევად სცნო და ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დააკისრა.
„საახალწლო დღეების გათვალისწინებით მიიღო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდარღვევის ხასიათის და საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, გამოიყენებდა ადმინისტრაციულ პატიმრობას“, - განაცხადა მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა.
ზვიად რატიანის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.