„მის უწმინდესობას მოახსენეს ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკების და სამი დღის წინ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით. იყო თხოვნა, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნას გადადგმული არჩილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით. მისმა უწმინდესობამ აღუთქვა, რომ რაც მისი და საქართველოს ეკლესიის ხელთ არსებული რესურსია, გამოიყენებს იმისათვის, რომ არჩილის ცხედარი დროულად დაბრუნდეს მის ოჯახში. პატრიარქმა პირველი დავალება უკვე მოგვცა, რომ ოფიციალური წერილი გაიგზავნოს რუსეთის პატრიარქის სახელზე. შემდგომ ამას მოჰყვება სატელეფონო საუბარი“, - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.
საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა ტატუნაშვილის მშობლებისა და ახლობლების ინიციატივით შედგა.
35 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლებასა და ქართულ მხარეს შორის ოჯახისთვის მისი ცხედრის გადმოცემის საკთხზე მოლაპარაკებები 26 თებერვალს და 1-ელ მარტს უშედეგოდ დასრულდა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდება, ექსპერტიზისთვის კი მასალები რუსეთშია გაგზავნილი.