ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომას ითხოვს.
გუშინდელი აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე. შს სამინისტრომ ზაზა სარალიძეს დაცვა შესთავაზა, რაზეც მან უარი თქვა. „6 თვეა ვეხვეწები ჩემი შვილის უფლებების დაცვას და 6 თვე სულში მაფურთხებდნენ და სულში აფურთხებენ ჩემ შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება“, - განაცხადა სარალიძემ.
საპროტესტო აქცია 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ, მთავარი პროკურატურის შენობასთან დაიწყო, რომელსაც პოლიტიკოსები და განაჩენით, ასევე პროკურატურის საქმიანობით, უსამართლობით უკმაყოფილო ადამიანებიც შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა, სადაც მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს.