weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საგამოძიებო სამსახური - ჭუბერსა და ხაიშში ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს

18:56 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობამ საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რის გამოც სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო.

უწყების ინფორმაციით, 26 ივლისიდან, საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად დაიწყო იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ხდება ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა.

„ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში. რის გამოც, ხსენებულ სოფლებში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საგამოძიებო მოქმედებების შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება, რომლის კანონით დაკისრებული უშუალო ფუნქცია - მოვალეობაა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

აღნიშნული საჭიროება გამოიწვია იმან, რომ სოფელ ჭუბერისა და ხაიშის ადგილობრივმა მოსახლეობამ, გზა გადაკეტა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხელშეშლის მიზნით, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხე - ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში, ასევე დამატებით გამოვლენილ იქნა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 20 საამქრო. ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ამასთან, ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე-ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე მიმდინარეობს ინვენტარიზაცია.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კვლავაც ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს და შეასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს და გამოავლენს და აღკვეთს ხე - ტყის უკანონო მოპოვება - რეალიზაციის ფაქტებს. კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი ვინც ჩართულია აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ან ხელს აფარებს ამ დანაშაულს“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში, ხაიშსა და ჭუბერში ასობით პოლიციელი დილით შეიყვანა, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ადგილზე იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ნიკოლოზ დიასამიძე, რომელმაც შეკრებილ მოსახლეობას დაშლისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ „არავის მიმართ არანაირი სანქცია არ იქნება, თუ უკანონო ხე-მასალა იქნება, გაიტანენ, არავის არ დაიჭერენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]