weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

15:23 პარასკევი, 03 აგვისტო 2018

ხადის ხეობაში სმიტების მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაური სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში გადაიყვანეს. ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, კობაურს 20 დღე დააკვირდებიან, რის შემდეგაც მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა მომზადდება.

ადვოკატის განცხადებით, ფსიქიატრიული ექსპერტიზა პროკურატურის მოთხოვნით დაინიშნა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

„მიმდინარეობს გამოკვლევა, თუ რამდენად არის მალხაზ კობაური ფსიქიკურად ჯანმრთელი. აღნიშნულ კვლევას ჩვენც ვეთანხმებით, რადგან მიგვაჩნია, რომ მალხაზ კობაური არის აბსოლუტურად ჯანმრთელი. დაცვის მხარე დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული კვლევის დასრულების შემდეგ, დადასტურდება, რომ მალხაზ კობაური ჯანმრთელია და მას არ შეეძლო ასეთი სისასტიკის დანაშაულის ჩადენა“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

43 წლის რაიან სმიტი, მისი მეუღლე და 4 წლის შვილი ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

დაკავების შემდეგ მალხაზ კობაურმა ბრალი აღიარა, ხოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკელები მას არ მოუკლავს. კობაურის თქმით, მკვლელობა ორმა უცხოელმა მამაკაცმა ჩაიდინა.

21 ივლისს, ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2-მა“ და „იმედმა“ გამოაქვეყნეს მათ მიერ მოპოვებული სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლორა სმიტის სხეულიდან აღებულ ნაცხში მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა.

მალხაზ კობაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]