weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კობაური ლორა სმიტის გაუპატიურებას უარყოფს და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

12:38 ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018

ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაური ლორა სმიტის მიმართ სექსუალურ ძალადობას უარყოფს და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ კობაურს სქესობრივი კავშირის დამყარება არ შეეძლო.

„ბოლო დღეებში რამდენიმე ახალი გარემოება გამოიკვეთა. კერძოდ ის, რომ გარდაცვლილებზე კობაურის დნმ-ს კვალი არ დაჯდა, მეორე - ფაქტობრივად დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელია, ანუ ქმედუნარიანია; მესამე - იმის საპირწონედ, რომ ლორა სმიტის სხეულიდან აღებულ ნაცხში მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა, ვაპირებთ ჩავატაროთ ექსპერტიზა და დავადგინოთ, რომ ამ ადამიანს არ შეუძლია სქესობრივი კავშირის დამყარება, თუ რატომ ამას ექსპერტიზა გვეტყვის. აღნიშნულ კვლევაში ჩართული იქნება ფსიქოლოგი, უროლოგი და კრიმინალისტიც“, - უთხრა „რეგინფოს“ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

43 წლის რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა სმიტი და მათი 4 წლის შვილი ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

დაკავების შემდეგ მალხაზ კობაურმა ბრალი აღიარა, ხოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკელები მას არ მოუკლავს. კობაურის თქმით, მკვლელობა ორმა უცხოელმა მამაკაცმა ჩაიდინა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმიტის სხეულიდან აღებულ ნაცხში მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კობაურს ლორა სმიტთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.

მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]