Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სადღობელაშვილმა 9 სექტემბერს, თბილისში „დინამო არენაზე“ მარშის მიერ დაგეგმილ აქციას პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ძალადობას ემიჯნება.
„9 სექტემბერი საქართველოს სპორტულ ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია. მავანნი მას შეგნებულად ცდილობენ, ჩირქი მოსცხონ და მსოფლიო არენაზე ქვეყანას შეუბღალონ ისტორიული სახელი, ტოლერანტობის და ოდითგანვე თავისუფლებისათვის ლტოლვის ავტორიტეტი მარგინალურად გააცამტვერონ. ჩვენ, მე ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი ვგმობთ და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას. არ ვუერთდებით ე.წ სპეციალურად დაგეგმილ „პროვოკაციას“. მოვუწოდებთ ყველას, არ წამოეგონ აღნიშნულ მარაზმს, რაც საქართველოში მიზანმიმართულ არეულობას ისახავს, მითუმეტეს ვაი-პატრიოტები რელიგიის სახელით ძალადობისკენ უბიძგებენ საზოგადოებას“, - წერს სადღობელაშვილი.
9 სექტემბერს „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩია დაგეგმილი. გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას მხარდასაჭერად შეკრებას აპირებენ. ცოტა ხნის წინ, ლგბტ ადამიანების მხარდაჭერისთვის გურამ კაშიამ UEFA-ს თანასწორობის ჯილდო აიღო. 3 სექტემბერს „ქართულმა მარშმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სტადიონზე „გეი აღლუმის“ ჩატარება იგეგმება.
ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი „ქართული მარშის“ ლიდერები არიან. მიმდინარე წლის მარტში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან გამართულ აქციაზე ისინი ხულიგნობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ივნისში, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გირაოთი შეუცვალა.