weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მალხაზ კობაურის აღნაგობის ადამიანი რაიან სმიტს დაზიანებებს ვერ მიაყენებდა – ადვოკატი

13:22 ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018

ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაურის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის უახლესი დასკვნა ადასტურებს, რომ კობაურს დანაშაულთან კავშირი არ აქვს. ადვოკატის თქმით, დგინდება, რომ როგორც ბრალდებული აცხადებდა, რაიან სმიტი უცხო ადამიანებმა ცემეს და მოკლეს.

„რაიან სმიტს სიცოცხლეში, ანუ გარდაცვალებამდე უახლოეს პერიოდში მიყენებული აქვს 3-4 დაზიანება წვივისა და გულ-მკერდის არეში, ასევე იღლიასა და მუცელში. ლოგიკური ჯაჭვი რომ ავაგოთ, მდგომარეობა ასეთი იყო:

გარკვეულმა პირმა თუ პირებმა, რომლებსაც მალხაზ კობაური მიუთითებს, ჯერ მიაყენეს დაზიანება და შემდგომ მოახდინეს რაიან სმიტის განზრახ მკვლელობა.

მალხაზ კობაურის ჩვენებით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ როცა რაიან სმიტი იყო მუხლებზე დაჩოქილი, ამ მომენტში მას რამდენიმე დარტყმა მიაყენეს. უფრო ზუსტად, რაიან სმიტი როცა ფეხზე იდგა, პირველი დარტყმა უცხო პიროვნებამ მიაყენა წვივის არეში და ყვირილის და ტკივილის შემდეგ სმიტმა დაიჩოქა, რის მერეც მიაყენეს დაზიანებები“, – ამბობს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

მისივე თქმით, „ლოგიკაში არ ჯდება, რომ მალხაზ კობაურის აღნაგობის ადამიანს რაიან სმიტისთვის ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა, შემდეგ კი ზურგში ესროლა“. ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რაიან სმიტს სამი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით ერთი ან 1,5 მეტრიდან აქვს მიყენებული.

„მალხაზ კობაური არის მსხვერპლი ამ დანაშაულში. მას არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან. დაზიანებების არსებობა გამორიცხავს იმ რეალობას, რასაც გამოძიება გვთავაზობს“, – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რატომ დატოვეს კობაურის მიერ მითითებულმა პირებმა ის ცოცხალი, ადვოკატის ვერსიით, ეს შესაძლოა გარკვეული გეგმაც იყო: „ჩვენ ზუსტ ვერსიაზე, რატომ დატოვეს მოწმე, ვერ ვისაუბრებთ. თუმცა, გარკვეული ვერსიები არსებობს და თუ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, ეს ნიუანსები შეიძლება დაგეგმილი იყო შესაბამისი პირების ან სამსახურების მიერ. ეს შესაძლოა კვალის ასარევად იყო“.

ადვოკატმა ლორა სმიტის შესაძლო გაუპატიურებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მიმდინარე კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, საერთოდ შეუძლია თუ არა ბრალდებულს სქესობრივი აქტის დამყარება.

43 წლის რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა სმიტი და მათი 4 წლის შვილი ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

დაკავების შემდეგ მალხაზ კობაურმა ბრალი აღიარა, ხოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკელები მას არ მოუკლავს. კობაურის თქმით, მკვლელობა ორმა უცხოელმა მამაკაცმა ჩაიდინა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმიტის სხეულიდან აღებულ ნაცხში მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კობაურს ლორა სმიტთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ქალთან სექსუალურ კავშირს უარყოფს და ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

სასამართლომ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 11 ივლისს შეუფარდა. 27 აგვისტოს სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და კობაური პატიმრობაში დატოვა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს არის დანიშნული.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]