„ჩემი ტანჯვა არაფერია. ჩემს დღეში უამრავი ადამიანია ამ მთავრობისგან განწირული და განადგურებული. ზაზა სარალიძის საქმეც სახეზეა. მე ყველაფერი გავაკეთე,რომ თემირლანის მკვლელობისთვის ფარდა ამეხადა, მაგრამ ეს ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. იმის ნაცვლად,რომ სახელმწიფოს დანაშაული ეღიარებინა, მედიის გამოყენებით და ტყუილებით, მკვლელობის მერე,თემირლანი ტერორიზმშიც დაადანაშაულეს. ამითაც ვერ იჯერეს გული და დაიწყეს ჩემი დაშინება, გადაწყვიტეს რამენაირად ჩემი პროვოკაციაზე წამოგება. ყველა რესურსი გამოიყენეს ჩემი განადგურებისთვის, რომ არ გამოაშკარავებულიყო სიმართლე. ჩვენ ერთად შევძლებთ, სახელმწიფომ დანაშაული აღიაროს. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ქართველს და არაქართველს, ქრისტიანს და მუსლიმს, ყველა გვერდში დაგვიდექით 10 სექტემბერს“, - უთხრა „რეგინფოს“მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეების გამოძიების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციები ივნისშიც გაიმართა. 5 ივნისს მალხაზ მაჩალიკაშვილი მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა, რომელიც მას დაპირდა, რომ საქმის გამოძიებას პირად კონტროლზე აიყვანდა. თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს პროკურატურა იძიებს, თუმცა პასუხისგებაში მიცემული არავინ არის.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო ამნისტიამ“ (Amnesty International) ახალ მთავრობას მოუწოდა, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის და 16 წლის დავით სარალიძის მკვლელობის საქმეებზე მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება ჩაატაროს.