weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

1–ლი აპრილიდან 10 ივნისის ჩათვლით კახეთში 27 სოფელი დაისეტყვა

11:22 კვირა, 11 ივნისი 2017

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის მიუხედავად 1–ლი აპრილიდან 10 ივნისის ჩათვლით 27 სოფელი უკვე დაისეტყვა.

10 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს რაიონის სოფლები გიორგიწმინდა და ნინოწმინდა დააზარალა. როგორც „რეგინფოს“ სოფელ ნინოწმინდაში გამგებლის წარმომადგენელმა თამარ გარსევანიშვილმა უთხრა, სეტყვამ ვენახები, ხეხილი, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები 100% - ით გაანადგურა.

„ძლიერი სეტყვა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. ქარიც იყო. რაკეტებს ისროდნენ, მაგრამ არაფერი ეშველა“,- აღნიშნა თამარ გარსევანიშვილმა.

სოფელ გიორგიწმინდაში საგარეჯოს გამგებლის წარმომადგენლის გიორგი ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, სეტყვამ სოფლის თავში ვენახები და ბოსტნეული დაახლოებით 80%-ით დააზიანა.

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მართავს, 1-ლი აპრილიდან მუშაობს და ოფიციალური ინფორმაციით, სეტყვასაშიში ღრუბლების გასანეიტრალებლად რაკეტებს ისვრიან. მიუხედავად ამისა, ორ თვეში რეგიონში 30-მდე სოფელი დაისეტყვა.

28 მაისს, სეტყვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯუგაანში, ტიბაანსა და ბოდბისხევში მოვიდა, რის შედეგადაც ბოსტნეულისა და ვენახების 70-80% განადგურდა.

20 მაისს, საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის სოფლები ჭანდარი, ვეჯინი, ძირკოკი, ბაკურციხე და კოლაგი დააზარალა. განსაკუთრებით დაისეტყვა სოფელი ვეჯინი, სადაც მოსავალი 50-დან 60%-მდე განადგურდა.

იმავე დღეს სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქობოსა და ჩადუნიანში საზამთროს ბაღები, ვენახები და ბოსტნეული კულტურები გაანადგურა. სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ლაგოდეხი–თბილისის ცენტრალური გზაც გადაკეტა.

20 მაისს დაისეტყვა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები ნაფარეული, რუისპირი და იყალთო. ძირითადად ვენახები და მარწყვის მოსავალი დაზიანდა.

14 მაისს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლები ჩალაუბანი, მელაანი, არაშენდა და ჯიმითი დაისეტყვა. 7-8 მაისს ძლიერმა სეტყვამ კი ახმეტის და გურჯაანის რაიონებში 8 სოფელი დააზარალა. ახმეტაში დაისეტყვა სოფლები ქისტაური, ახშანი, ზემო ხოდაშენი და ჩაბინაანი, გურჯაანში - მუკუზანი, ველისციხე, ახაშენი და ჩუმლაყის ნაწილი.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა, რაზედაც 15 მილონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სისტემის შექმნის უმთავრესი მიზანი კახეთის რეგიონში 600 000 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის სეტყვისგან დაცვაა.

სეტყვის აღმკვეთი სამუშაოების მიზანი ძირითადად დაღმავალი სეტყვის მარცვლების ზომაში შემცირება, ან მათი გარდაქმნა და წვიმის წვეთებად შეცვლაა, ღრუბლების განსაზღვრულ სფეროებში სპეციალური რეაგენტის (ვერცხლის იოდიდი) გაფანტვით, მანამ სანამ მოხდება სეტყვის მარცვლების ფორმირება.

მსგავსი სახის სამუშაოები მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: ბულგარეთში, ჩინეთში, არგენტინაში და სხვაგან.

დღეისათვის სეტყვისგან დასაცავად კახეთის რეგიონში განთავსებულია 80 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საქართველოში მუშაობა 25 წლის წინ შეწყვიტა. მაშინდელი სისტემა „ალაზანი“, რომელიც 1960 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა, წარმოადგენდა პრიმიტიული ტექნოლოგიებით შექმნილ სისტემას, რომლის მუშაობის ეფექტურობა არც ისე მაღალი იყო, მუშაობის შემდეგ კი იწვევდა მოსავლის ქიმიურ დაბინძურებას ტყვიის იოდიდით. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]