საიას განცხადებით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები აშკარად გამოხატავენ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებისა“ და მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის − სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო პოზიციას. აღნიშნულთან დაკავშირებით, 19 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისაგან, ამა თუ იმ პოლიტიკური პირის საჯარო სივრცეში არაკორექტული მოხსენიებისაგან და ჩრდილს ნუ მიაყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს.
„მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ სასულიერო პირთა მხრიდან აგიტაციის შემცველი განცხადებების გაკეთება არ წარმოადგენს კანონის დარღვევას, მიგვაჩნია, რომ სასულიერო პირებს, მითუფრო − წმინდა სინოდის წევრებს, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას, საკუთარი სტატუსიდან და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცხოვრებაში მათი როლიდან გამომდინარე. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფომ და ეკლესიამ დაადასტურეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით. მიგვაჩნია, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან სახელმწიფო ხელისუფლებისა თუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ აგიტაციის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს კანდიდატის მოსაზრებები მათთვის“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას.
წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს რელიგიურ ორგანიზაციას. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით).
საია-ს შეფასებით, ქორეპისკოპოს იაკობის მიერ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს აგიტაციას კანონის მოთხოვნათა დარღვევით. საუბარია სასულიერო პირის მიერ „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც ის სალომე ზურაბიშვილს „კანაფის დედოფალს“ უწოდებს.
„ქორეპისკოპოს იაკობის მხრიდან მსგავსი ტიპის სავარაუდო კანონდარღვევას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჯარო განცხადება გაავრცელეს და საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართეს, თუმცა ცესკოს თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ ქორეპისკოპოსის, როგორც ცალკე სასულიერო პირის მიმართვა (ქადაგება) მრევლისადმი არ წარმოადგენდა ეკლესიის სახელით გაკეთებულ განცხადებას. აგრეთვე, სასულიერო პირთა მხრიდან აგიტაციის წესების დარღვევის ტენდენცია ფიქსირდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდშიც.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ამკრძალავი ნორმა, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელების შეზღუდვას სუბიექტთა განსაზღვრული წრის მიმართ, მიზნად ისახავს, დაიცვას საარჩევნო პროცესი მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ზემოქმედებისაგან. ამის ალბათობა კი დიდია რელიგიური ორგანიზაციების მიმართ მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით. საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფოს განვითარებისთვის“, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
საია რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მიმართავს, თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნების შემცველი განცხადებების გაკეთებისაგან.