weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ადგილობრივების პროტესტის შედეგად „პანკისობა 2018“ ჩაიშალა

14:00 შაბათი, 22 სექტემბერი 2018

სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისა და ახლობლების პროტესტის შედეგად, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიება „პანკისობა 2018“ ჩაიშალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები დუისში, დიდების მემორიალთან, სადაც 12:00 საათიდან გასართობი, შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები იყო დაგეგმილი, დილიდან შეიკრიბნენ. მათ შესასვლელი გადაკეტეს და მემორიალის ტერიტორიაზე ავტომანქანებს არ უშვებდნენ.

პანკისის მცხოვრებლები ხეობაში გასართობი ღონისძიების ჩატარებას იმ ფონზე, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე 9 თვის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული, დაუშვებლად მიიჩნევენ. მათი პროტესტი იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ ხელისუფლებამ „პანკისობის“ აღნიშვნა თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავიდან რამდენიმე მეტრში გადაწყვიტა.

„აქედან რამდენიმე მეტრში ჩემი შვილის საფლავია. ცივ სამარეში წევს უდანაშაულო ბავშვი, რომელიც მძინარე დახვრიტეს. ესენი აპირებენ მის ძვლებზე და სისხლზე ტაშფანდურის გამართვას. ამის დაშვება, როგორ შეიძლება? პანკისის ხეობა საკობიანოდან იწყება. ხომ შეიძლებოდა იქ ჩატარებულიყო ეს ღონისძიება და არა თემირლანის საფლავზე.

ეს ხდება ქისტების გაღიზიანებისთვის და იმისთვის, რომ მე რაღაც ჩამადენინონ, მაგრამ ვერ მივართვი გახარიას, ვერ მივანიჭებ ამ სიამოვნებას. მე კანონით დავანგრევ სისტემას. კანონით დავსჯი ყველა დამნაშავეს და გავისტუმრებ ამ ხელისუფლებას. მე ამას შევძლებ“, - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლანის დედამ, მედიკო მარგოშვილმა დღეს დილით პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში თქვა, რომ გასართობი ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, ბენზინს გადაისხამდა და სცენაზე თავს დაიწვავდა.

ქისტებმა, მათ შორის მომღერლებმა და მხედრებმა, „პანკისობაში“ მონაწილეობაზე უარი თქვეს, თუმცა ღონისძიებაზე დასასწრებად მისულები იყვნენ საბავშვო ბაღებისა და სკოლების თანამშრომლები, რამდენიმე მოსამსახურე. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ისინი ღონისძიებაზე სამსახურიდან დათხოვნის შიშით გამოიყვანეს: „ჩემი მეუღლეც ბაღის მასწავლებელია და მასთანაც მოვიდა საბავშვო ბაღიდან წარმომადგენელი, რომ გამოსულიყო და მონაწილეობა მიეღო“.

„პანკისობაზე“ დასასწრებად ხეობაში ჩასვლას რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აპირებდა. ადგილზე იმყოფებოდნენ კახეთის სხვადასხვა რაიონების თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლები და თბილისიდან ჩასული სტუმრები. მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

მაჩალიკაშვილების ოჯახი ირწმუნება, რომ სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სუს-ი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან გოგაშვილი ამოიცნეს.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან 9 თვე გავიდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]