weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სერიოზული კითხვები მაქვს ჩანაწერის კანონიერებასა და ავთენტურობაზე – ბესელია

14:50 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018

„რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, გლდანის ციხეშია ჩაწერილი და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა. ბესელია ჩანაწერის ავთენტურობის, მისი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერების დადგენას ითხოვს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ ჩანაწერიდან მიღებულ ინფორმაციაზე მსჯელობამდე, აუცილებელია დადგინდეს როგორ მოხდა პირადი საუბრის ჩაწერა, მოპოვება და გავრცელება, ასევე დადგინდეს არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური.

„გამოძიება რომ დაიწყო ეს არის საჭირო და დროული, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რა ინფორმაციას დადებს გამოძიება; ერთი - არის თუ არა ეს კანონიერად მოპოვებული, თუმცა მეეჭვება, რომ კანონიერად მოპოვებული იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ პარლამენტის წევრი, რომელიც ადასტურებს ამ შეხვედრას, თავისთავად ნიშნავს, რომ არ შეიძლება ფარული ჩაწერა მიმდინარეობდეს. ამიტომ კანონიერების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული კითხვები მაქვს. ასევე სერიოზული კითხვები მაქვს ამ ჩანაწერის მოპოვებასთან დაკავშირებით და მისი შინაარსის ავთენტურობა რომ დადასტურდეს.

იმისთვის, რომ რაიმე ღირებულება ჰქონდეს სამართლებრივი და შინაარსზე იმსჯელო, ამაზე გავაკეთოთ კომენტარები, აუცილებელია ვიცოდეთ, ავთენტური და კანონიერია თუ არა ეს ჩანაწერი.

თუ ეს დადასტურდება, ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ შინაარსზე და დავსვათ ყველა კითხვა და გავარკვიოთ ყველა საკითხი. იქამდე, მე მგონია, რომ არა მარტო არასერიოზული და ძალიან სახიფათოა ასეთი მიდგომები, არამედ მგონია, რომ ეს ააშკარავებს ვიღაცის განზრახვას, რომ იქამდე, ვიდრე კანონიერება და ავთენტურობა გარკვეული არ გვაქვს და უკვე შემაჯამებელი კეთდება, განსაკუთრებით თქვენი დირექტორის [ნიკა გვარამია] მხრიდან. ეს უკვე არის ის სურათი, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან.

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულების მიმართ და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას. იგი მესტიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას სთხოვს და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას.

ჩანაწერში ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები არჩილ კბილაშვილი და ირაკლი შოთაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდო-ს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო. ასევე ნახსენებია რამდენიმე გახმაურებული საქმე. სუბელიანი ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები და თუ მოინდომებს, შეუძლია „ქართული ოცნების“ მმართველობას წერტილი დაუსვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]