weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოპოზიციონერი პრეზიდენტი მოუთოკავ ხელისუფლებას დააბალანსებს – არმაზ ახვლედიანი

00:09 ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018

„მე მხარს არ ვუჭერ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ვუჭერ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს იმიტომ, რომ მიმაჩნია, ეს არის ახალი შესაძლებლობა იმისთვის, რომ, ჯერ ერთი, დაბალანსდეს ეს თავზეხელგასული და მოუთოკავი ხელისუფლება და მეორე მხრივ, ამ ქვეყანაში შანსი ახალ, ნორმალურ ძალებს მიეცეს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილმა მდივანმა და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ხელმძღვანელმა არმაზ ახვლედიანმა.

„რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ არმაზ ახვლედიანმა „ძველი გვარდიისადმი“ ბიძინა ივანიშვილის მიმართვასა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრა. ახვლედიანის თქმით, პრეზიდენტად ოპოზიციური კანდიდატის არჩევა „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანას წაადგება.

„მე რომ მეკითხებიან: შენ, თვეების განმავლობაში „ოცნების“ ხელმძღვანელი და პოლიტსაბჭოს მდივანი, რატომ უჭერ დღეს მხარს გრიგოლ ვაშაძეს, ვპასუხობ - მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა სხვა არჩევანი; მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლებელია ქვეყანა, რომელსაც ჰქვია საქართველო, ასეთი ერთპიროვნული მმართველობით, სადაც არის ერთხმიანობა და არ არის მრავალხმიანობა.

საუკეთესოც რომ იყოს „ოცნება“ და არსებითად გასაკრიტიკებელი არაფერი იყოს, ასეთ სიტუაციაშიც კი, უნდა ვინატროთ განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის პრეზიდენტი და საპრეზიდენტო ცენტრი ქვეყანაში, თუ ჩვენ სიკეთე გვინდა ქვეყნისთვის და არა იმ პრეზიდენტისთვის, ან ამ მმართველი ძალისთვის.

მე ვფიქრობ, რომ, საბოლოო ჯამში, „ოცნებაც“ კი მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებით, იმიტომ, რომ ეს „ოცნების“ ლოგიკურ, ჩვეულებრივ, ბუნებრივ, იმედი მაქვს, პოლიტიკურ ბოლოს გახდის უფრო ნორმალურს. ეს არ იქნება მტკივნეული თავად „ოცნებისთვის“ და არ გადააგდებს მას საბოლოო პოლიტიკურ სანაგვეზე. არ მინდა, ასეთი რამ მოხდეს - არა იმიტომ, რომ „ოცნების“ დღევანდელი ხელმძღვანელების მიმართ დიდი სიმპათია მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ამდენ რყევას საქართველო ვეღარ უძლებს“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ძველ გვარდიას“ გუშინ მიმართა და განაცხადა, რომ სამშობლოს „მათი გამოცდილება კიდევ ერთხელ დასჭირდა“. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ „ქართული ოცნების“ ერთიან ოჯახში ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ“.

არმაზ ახვლედიანმა „ქართული ოცნება“ 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა. არჩევნებში ის ბათუმის 69-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

მიმდინარე წელს არმაზ ახვლედიანი ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]