weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა

07:23 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

რიჟავაძე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატურაა, ოპოზიციამ კი ამ თანამდებობაზე პრეზიდენტს არმაზ ახვლედიანი წარუდგინა.

„დაახლოებით სამი დღის წინ ვიყავი აჭარაში, გავმართე კონსულტაციები. იმ მომენტისთვის, როდესაც მე გავმართე კონსულტაციები, „ქართული ოცნების“ მიერ ერთი კანდიდატურა - თორნიკე რიჟვაძე იყო წარმოდგენილი. ოპოზიციასთან მე გამოვხატე გაკვირვება, რომ ალტერნატიული კანდიდატურა არ იყო წარმოდგენილი, თუმცა შემდეგ ოპოზიცია ჩამოყალიბდა ბატონ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაზე.

მე თავისთავად, დადებითად მივიჩნევ კანდიდატურების დასახელების და საზოგადოებისთვის წარდგენის დემოკრატიულ პროცესს და მიმაჩნია, რომ კონკურენტული პოლიტიკური გარემო ქვეყნის დემოკრატიული ფუნქციონირების წინაპირობაა.

ამასთან ერთად, გავიაზრეთ რა ორივე კანდიდატურის პოზიცია და წარმომდგენი ძალების პოზიცია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ბატონ თორნიკე რიჟვაძეს წარმოადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე ავარჩიე ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი შერჩეულ კანდიდატურას გადაუგზავნის საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად. შემდეგ კი აღნიშნულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. თორნიკე რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოში მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ წევრები, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ის ხმათა უმრავლესობით აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცონ.

29 წლის თორნიკე რიჟვაძე 2017 წლის დეკემბრიდან საქართველოს ენერგეტიკის ფონდის დირექტორია. 2017 ივლისიდან დეკემბრამდე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; 2013-2017 წლებში შპს „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ ჯერ იურიდიული მრჩევლის, შემდეგ კი იურიდიული დირექტორის თანამდებობას იკავებდა; 2014-2016 წლებში თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 4 ივლისს ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან გადადგა. პატარაძემ თანამდებობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ დატოვა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]