მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას ღიად უჭერს მხარს და არჩევნების პირველი ტურის დროს პარტიის ლიდერები ვიდეორგოლებში მონაწილეობდნენ.
„ეს ყველაფერი მეორე ტურის დროს ბილბორდებზე აისახა. არ მგონია, რომ რაიმე კითხვის ნიშანი უნდა ჩნდებოდეს, მით უფრო ისეთ დროს, როცა სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ ოფიციალური მხარდაჭერა აქვს. ეს კარგი ნაბიჯია მეტი ხმების მოსაპოვებლად“, – აღნიშნა კობერიძემ.
დღეიდან ქალაქებში პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ახალი საარჩევნო ბილბორდები გამოჩნდა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არიან გამოსახული. ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილი არ ჩანს. გარდა ამისა, გაჩნდა ახალი საარჩევნო სლოგანები „არა დიქტატურას, აირჩიე თავისუფლება“ და „პრინციპული არჩევანი“. სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო სლოგანი აქამდე „ერთად საქართველოსთვის“ იყო.
არჩევნების პირველი ტურის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბის პარალელურად, ორი შტაბი შექმნა. ცენტრალურ შტაბს ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, თბილისის შტაბს კი პარტიის გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.