მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის 100 ათასამდე მხარდამჭერის ხმა გააბათილეს. სააკაშვილი „ძალა ერთობაშიას“ მიერ 2 დეკემბერს დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და მოსახლეობას უსამართლობის გაპროტესტების მიზნით რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა.
„მშვიდობის, სტაბილურობის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად, ხვალ ყველანი რუსთაველზე. ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.
მე თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთვის და არა ჩემთვის და არა სკამებისთვის, მე ნამდვილად არაფერი მინდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერს, თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა. როგორც ჩარკვიანმა თქვა, თავდასხმა პოლიტიკურ ნიადაგზე, სამართალდამცველების თვალწინ მოხდა. ჩარკვიანი პოლიციას უმოქმედობაში სდებს ბრალს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული, მათგან ერთი - სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს.