როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ინაუგურაცია ჩაივლის მშვიდად და ოპოზიციას პროვოკაციების შესაძლებლობა არ მიეცემა.
„დამერწმუნეთ, რომ ინაუგურაცია ჩაივლის დაბრკოლებების გარეშე. შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა ამას შევხვდებით სათანადოდ, ისე, როგორც საჭიროა და იმ სტილით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე რაიმე პრობლემას არ ველოდები თელავში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, კვირას, ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის უარის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციის გამართვას ერეკლე მეორის ძეგლსა და ჭადარს შორის არსებულ ტერიტორიაზე აპირებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თელავში მასშტაბური საპროტესტო აქცია 12 დეკემბერს დააანონსა. ვაშაძის თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს.