გაერთიანებული ოპოზიცია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის უარის მიუხედავად, გეგმას არ ცვლის და საპროტესტო აქციის ჩატარებას ინაუგურაციის პარალელურად, ერეკლე მეორის ძეგლსა და ჭადარს შორის არსებულ ტერიტორიაზე გეგმავს.
„თბილისიდან მოეწყობა მრავალათასიანი მსვლელობა თელავის მიმართულებით. ამ აქციის მთავარი მიზანი იქნება, რომ გავაგონოთ ხმამაღალი პროტესტი იმ ხელისუფლებას, რომელმაც წაართვა საქართველოს მოსახლეობას არჩევანის უფლება;
ფეხქვეშ გათელა მათი კანონიერი და კონსტიტუციური უფლება, თავად აერჩიათ საქართველოს პრეზიდენტი. „ქართულმა ოცნებამ“ თავად დაინიშნა პრეზიდენტი და არ მისცა მოსახლეობას უფლება, რომ აერჩია ის. ამიტომ ჩვენს ძალიან ხმამაღალ პროტესტს ხვალ თელავში გაიგებენ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი 2“-თან.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, 15:00 საათზე ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება.
გუშინ თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოპოზიციას უარი უთხრა ერეკლე მეორის ძეგლსა და ჭადარს შორის ტერიტორიაზე აქციის ჩატარებაზე. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განმარტა, ეს ადგილი ინაუგურაციის ცერემონიის ტერიტორიაზე ხვდება და იქ აქციის გამართვა უსაფრთხოების სამსახურებს მუშაობაში ხელს შეუშლის. მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, რომელიც ქალაქის ცენტრალური მოედნიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თელავში მასშტაბური საპროტესტო აქცია 12 დეკემბერს დააანონსა. ვაშაძის თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს.