როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციას შეუძლია შეიკრიბოს ნებისმიერ ადგილას, მათ შორის იმ ქალაქშიც, სადაც ინაუგურაცია ტარდება.
„იმედი მაქვს, ამ აქციის მიზანი არ არის ის, რომ ადგილზე რაღაც დაპირისპირება გამოიწვიოს, სხვა შემთხვევაში, ცხადია,შეუძლიათ შეიკრიბონ, მოითხოვონ და გააპროტესტონ რაც უნდათ.
თუ ეს არის შეკრება და უნდათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, მათ შორის გაპროტესტება, რომ არჩევნების ჩატარების დროს იყო ბევრი დარღვევა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც დააფიქსირა, ამის უფლება აქვთ. თუ ამ ფარგლებს გასცდებიან და დაძაბულობის შექმნას ეცდებიან, არამგონია, ეს სწორი იყოს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„გირჩის“ ლიდერის თქმით, არასერიოზულია საუბარი, რომ არჩეული პრეზიდენტია არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ გრიგოლ ვაშაძე.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, 15:00 საათზე ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე დაიწყება. გაერთიანებული ოპოზიცია, მერიის უარის მიუხედავად, აქციის გამართვას ერეკლე მეორის ძეგლსა და ჭადარს შორის მოედანზე გეგმავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თელავში მასშტაბური საპროტესტო აქცია 12 დეკემბერს დააანონსა. ვაშაძის თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს. აქციები დაგეგმილია სხვა ქალაქებშიც.
გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.