„დაველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას. მთელმა საზოგადოებამ დაინახა, თუ ხარ ე.წ. „ქართული ოცნების“ წევრი, გაქვს იმუნიტეტი, არც დაგაკავებენ, არც ბრალს წაგიყენებენ, მითუმეტეს, არც სასამართლოში არ მიგიყვანენ. თუ ხარ ოპოზიციის წარმომადგენელი, ერთ წამში ხდება ეს ყველაფერი. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სცემ, მაშინ ძალიან მსუბუქ რაღაცას წაგიყენებენ, თუ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ხარ, ეცდებიან, რაც შეიძლება მძიმე მუხლი წაგიყენონ.
გურჯაანის სასამართლოსთან კარვების დადგმის აზრს ვერ ვხედავ. ჩვენი კვალიფიციური იურისტების რაზმი ჩაერთვება, რომ ეს არ შევარჩინოთ, ყველა სასამართლო ინსტანციას გავივლით, თუ საჭიროა, სტრასბურგამდე მივალთ“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
დავით კირკიტაძე სამართალდამცავებმა 17 დეკემბერს, საგარეჯოში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, კირკიტაძე 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული.
პროკურატურა კირკიტაძეს ბრალს დღეს წარუდგენს, რის შემდეგაც სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაკავების შემდეგ მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.