weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

იუსტიციის საბჭომ მოსამართლეთა კანდიდატურებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო – ქუცნაშვილი

17:37 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენისას ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზისა და მოსამართლეობის კანდიდატის არჩევის წესის არარსებობის გამო, არ შეიძლება პროცესი გარკვეული ჯგუფის მიერ გარკვეული კანდიდატების დასახელებისთვის იქნეს გამოყენებული.

„მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა იურისტს თანასწორი შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს და მოსამართლედ გამწესდეს.

თანასწორობის პრინციპი დაირღვა, როცა კონკურსის არ გამოცხადებით ეს უფლება ერთმა ჯგუფმა მოიპოვა და სხვა დანარჩენს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა.

თანასწორობის პრინციპი დარღვეულია, რადგან ყველა მოსამართლესა და იურისტს არ მიეცა საშუალება, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიეღო. პარლამენტის წევრთა უმრავლესობაში არის ასეთი განწყობა: მიუხედავად იმისა, რომ უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლეები სჭირდება, პროცესი იმდენად ჯანსაღი და ობიექტური უნდა იყოს, რომ არავის მიეცეს კრიტიკის საშუალება. თუ პროცესის სათავე არ იქნება ჯანსაღი, გამჭვირვალე და თანასწორი, შედეგები დადებითი ვერ იქნება“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პირობები ან თავად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს, ან შესაბამისი წესი პარლამენტმა უნდა დაადგინოს.

24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, დაასახელა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის სია. აღნიშნულ სიაში არიან – მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

იუსტიციის საბჭოს სამმა არამოსამართლე წევრმა - ანა დოლიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ჯანეზაშვილის განცხადებით, მათ წინასწარ არც კი იცოდნენ, ვის დასახელებას აპირებდნენ მათი კოლეგები.

საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს პარლამენტს მოუწოდა, წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი შეაჩეროს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ იხელმძღვანელა.

ნინო ლომჯარია პარლამენტს ასევე მოუწოდებს, დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებაზე და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა როგორც შერჩევის, ისე წარდგენის გამჭვირვალე პროცედურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]