weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბესელია კილაძეს: თქვენ ნუ მასწავლით ადამიანის უფლებებს, თორემ დაიქცევა ეს ქვეყანა

17:36 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და სოფო კილაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კილაძეს, რომელიც სიტყვით გამოსვლას ითხოვდა, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„დამშვიდდი, დაწყნარდი, რიგი განსაზღვრე იქ, სადაც შეგიძლია განსაზღვრო. აქ მე განვსაზღვრავ რიგს და მოვითმინოთ. დაწყნარდი, კიდევ ერთხელ გეუბნები, შეგიძლია გაიარ-გამოიარო და შემოხვიდე“, – მიმართა ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს.

მოგვიანებით, როდესაც სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცა, კილაძემ თქვა, რომ ესმის, რატომ დატოვა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიული კომიტეტი.

„კომიტეტის თავმჯდომარე არ აძლევს ხალხს ლაპარაკის უფლებას რიგის მიხედვით. ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ადამიანის მოსაზრება, ადამიანის უფლებათა კომიტეტში ასეა, თითოეულს ეძლევა აზრის გამოთქმის საშუალება“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

„ახლა თქვენ ნუ მასწავლით ადამიანის უფლებებს, თორემ დაიქცევა ეს ქვეყანა მაშინ მართლა“, – უპასუხა ბესელიამ.

კომიტეტის სხდომაზე სოფო კილაძემ ისაუბრა იმაზე, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს არ უკავშირდება. კილაძის თქმით, ბესელიას თანამდებობიდან წასვლაზე კითხვებს ჟურნალისტები ორი-სამი თვის წინ უსვამდნენ.

„შეგიძლიათ, მოძებნოთ „გუგლში“ და პირდაპირ ამოაგდებს ჟურნალისტების სტატიებს, სადაც ამაზე იყო საუბარი. რატომ ხდება ამ საკითხის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან, ეს ყოვლად გაუგებარია. გაუგებარი კი არა გასაგები თემაა. ძალიან ნათელია ამ კონკრეტული თემების უკან რაც დგას.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხდება. მოსამართლეების თემაზე გუნდში არ გვიმსჯელია და არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. რატომ ხდება იმის ისე წარმოჩენა, თითქოს ჩვენ უკვე რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ და ამ გადაწყვეტილებას ვაპარებთ საზოგადოებას? ეს არის აბსოლუტური ტყუილი“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა. როგორც ბესელიამ განაცხადა, მისი გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]