weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძე გაიწვია

14:24 ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019

საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის სხდომის დატოვების შემდეგ თავად ფოფხაძემ განაცხადა.

გედევან ფოფხაძის თქმით, კომიტეტიდან მისი გაწვევის მიზეზებზე ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გააკეთებს განმარტებას.

„ფრაქციამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამომიწვიოს იურიდიული კომიტეტიდან. შესაბამისად, მე აღარ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში. ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, რომლის გაპროტესტებასაც ნამდვილად არ ვაპირებ.

საკითხი არის არა იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე ან მოადგილე, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

ეს არის პრინციპული, თორემ გედი ფოფხაძე სულ რომ არ იყოს პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება და არც გედი ფოფხაძეს მოუვა რამე“, – განაცხადა ფოფხაძემ.

გასულ კვირას გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ის ეკა ბესელიამ წარადგინა, რომელმაც კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

ეკა ბესელიას განმარტებით, მისი გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება. გედევან ფოფხაძის შეფასებით, ბესელიამ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მთლიანად დაკავშირებულია „ჩვენი ქვეყნის და ხალხის მომავალთან“.

„ჩვენ არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება ხელში ჩავუგდოთ საეჭვო გზით არჩეულ საეჭვო ადამიანებს“, – აღნიშნა ფოფხაძემ 27 დეკემბერს ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]