weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

განიხილება, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლამდე შეჩერდეს – გოგიჩაიშვილი

12:28 პარასკევი, 25 იანვარი 2019

საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერება განიხილება. როგორც გოგიჩაიშვილმა თქვა, გუშინდელ შეხვედრაზე ამ საკითხს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო გააჩერებს ამ პროცესს 2024 წლამდე. ეს საკითხიც განიხილება, რასაც ჰქვია უვადოდ დანიშვნა მოსამართლეების. გუშინ ამ საკითხს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ბევრი კითხვის ნიშანი არ დასმულა.

ამის უფლებას გვაძლევს კონსტიტუცია და ფორმალური და არაფორმალური შეთანხმება ვენეციის კომისიასთან. ეს სისტემა უნდა დაიტესტოს. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან მოსამართლეები, ვინ როგორ გამოიჩენს თავს. ადამიანების ნებისყოფამ დროს უნდა გაუძლოს. მოსამართლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი უნდა იყოს მორალური მხარე და რეპუტაცია“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე.

გოგიჩაიშვილის თქმით, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე პარლამენტს მოუწევს ძალიან მძიმე და რთული გადაწყვეტილების მიღება: „დღევანდელმა გადაწყვეტილებამ 2030 წელს შეიძლება ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. ამიტომ აჩქარება და დაუფიქრებელი ნაბიჯები არის არა მარტო უპასუხისმგებლობა დღევანდელ დაკვეთასთან დაკავშირებით, არამედ მომავალთან მიმართებაშიც“.

24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, დაასახელა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის სია. აღნიშნულ სიაში იყვნენ მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

მოსამართლეთა სია „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების მიზეზი გახდა. 27 დეკემბერს ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა, რაც, მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება. ბესელიას თქმით, უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ „სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს“.

ეკა ბესელიას განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ გაუგებარი იყო, როდესაც ბესელიამ თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. ივანიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]