weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თბილისში აქცია „სასამართლოს გადასარჩენად“ გაიმართა

15:42 კვირა, 27 იანვარი 2019
ფოტო: EMC ფოტო: EMC

თბილისში, სასტუმრორედისონთან, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად, საპროტესტო აქცია სახელწოდებით სასამართლოს გადასარჩენად გაიმართა. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომა მოითხოვეს, რომლებმაც მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას მხარი დაუჭირეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დროულად არ მიიღებს მნიშვნელოვან და სწორ გადაწყვეტილებებს, პროტესტი შესაძლოა უფრო რადიკალური გახდეს.

„შეუძლებელია ხელისუფლება ხედავდეს რესურსს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს იმ ჯგუფის წევრებთან, რომლებიც გასული წლის დეკემბერში სიის ფორმირებას ახდენდნენ და ისინი ვერ ხედავენ აქ პრობლემას. წლების განმავლობაში სასამართლო რეფორმა შეჩერებულია, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის.

იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. თუ ხელისუფლება არ გააკეთებს ამას, ბუნებრივია ამ პროცესს ადამიანები თავად დაიწყებენ.

ვფიქრობ სასამართლო სისტემაში არიან ღირსეული მოსამართლეები, რომლებსაც სჭირდებათ მეტი თავისუფლება, მეტი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, როდესაც ვლაპარაკობთ კლანზე, ეს არ ეხება ყველა მოსამართლეს სისტემაში“, - განაცხადა სალაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, აქცია არ ყოფილა ორგანიზებული რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ: „სასამართლო ეკუთვნის ყველას და პირველ რიგში, იმ ადამიანებს, ვისი უფლებებიც ირღვევა და ვინც სასამართლოში სამართალს ვერ პოულობს“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება დიალოგის მაგიდასთან ისევ უჯდება იმ ხალხს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საზოგადოების მოტყუებით თანამდებობებზე დაენიშნა მათთვის სასურველი კანდიდატები.

ხელისუფლება, როგორც ჩანს, ვერ იაზრებს რამხელა კრიზისი შეიძლება შეუქმნას ამ ქვეყანას სასამართლომ და იმ კლანმა, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას.

განსხვავებული ჯგუფები ერთად მივმართავთ ხელისუფლებას და სასამართლოს, რომ რეალური ცვლილებები გატარდეს სასამართლოში. ეს ცვლილებები ვერ მიიღწევა ვიდრე ის ხალხი მართავს სასამართლოს, ვინც მართავს.

სამწუხაროა, რომ დღეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების წლისთავია და ჩვენ ისევ ვაპროტესტებთ იგივე სახელების და გვარების სასამართლოში დარჩენას, რომლებიც წლების განმავლობაში ასოცირდებოდნენ უსამართლო მართლმსაჯულებასთან.

 არცერთი შემთხვევა არ გვახსენდება, როდესაც ეს ხალხი წავიდა რაიმე პოლიტიკური დაკვეთისა და ზეწოლის წინააღმდეგ, გამოიჩინა პრინციპულობა და კეთილსინდისიერება. მათ უნდა დატოვონ თანამდებობები და მისცენ ამ ქვეყანას და სასამართლოს გადარჩენის და განვითარების შანსი“, - აღნიშნა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურა და კრიტერიუმები უნდა განსაზღვროს. ჯგუფის ფორმატთან და შემადგენლობასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ ოპოზიციურ პარტიებს - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს - ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს.

24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის სია. აღნიშნულ სიაში იყვნენ მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

მოსამართლეთა სია „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების მიზეზი გახდა. 27 დეკემბერს ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა, რაც, მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება. ბესელიას თქმით, უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ „სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს“.

„ქართულ ოცნების“ დეპუტატთა ნაწილის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, 21 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათივე კანდიდატმა მოითხოვა, რომ პარლამენტში სიის განხილვას შემდგომი მსვლელობა არ მისცემოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]