weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრს პარლამენტში დღეს მოუსმენენ

10:40 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით, საკომიტეტო მოსმენაზე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე ისაუბრებენ, პლენარულ სესიაზე კი მიხეილ ბატიაშვილი 2018 წლის საქმიანობას შეაჯამებს, რომელიც მიმდინარე და დაანონსებულ ცვლილებებს შეეხება.

„განათლების მინისტრთან დაგროვდა ძალიან ბევრი მწვავე კითხვა. პირველ რიგში ეს არის ია კერზაიას თემა. პრაქტიკულად, სკოლაში ეს ეგზეკუცია განათლების მინისტრის მონაწილეობით იქნა ჩატარებული, რასაც ქალბატონი იას სიცოცხლე შეეწირა. ამაზე გვექნება ბევრი მწვავე კითხვა, მაგრამ, გარდა ამისა, ასევე კითხვები გვექნება იმ რაღაც კვაზი რეფორმაზე, რომელიც მან დააანონსა, რაც, როგორც ვიცით, ჯერჯერობით გულისხმობს მხოლოდ გამოცდების გაუქმებას“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

საკომიტეტო მოსმენას ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელიაც დაესწრება. „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში შენგელია ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობს. მისი თქმით, კახაბერ ფარცვანია სკოლის დირექტორებს კაბინეტში იბარებდა და „პირდაპირ ავალებდა, რომ პარტიული საქმიანობა განეხორციელებინათ და აგიტაცია-პროპაგანდა ეწარმოებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თანამდებობიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა“. ბაჩანა შენგელია რესურსცენტრის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას და სკოლაში ინსპექტირების ჯგუფის შესვლას უკავშირდება. ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, სკოლაში ინსპექტირების ჯგუფის შესვლა დირექტორის მიმართ „სადამსჯელო ოპერაცია“ იყო.

განათლების სამინისტროს განმარტებით, სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა. ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს. თუმცა საბჭომ დასკვნა არ გაითვალისწინა და ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]