„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე, მოახერხებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული ეკა ბესელია ახალი ფრაქციის შესაქმნელად დეპუტატების შემოკრებას, არველაძემ თქვა, რომ ეს ძნელი იქნება.
„რამდენიმე კაცმა მასთან ერთად გააკეთა განცხადება და ეს ექვსი [დეპუტატი] მოგროვდება თუ არა, არვიცი. ისე, ალბათ, რაღაც უნდა შექმნას, რადგან წავიდა. აქაც რუსულ გამოთქმას მოვიშველიებ „აძინოკი ვოლკ“. მარტო მუშაობა ძნელია მაინც. არვიცი, იმპიჩმენტს რამდენად მოახერხებს, მაგრამ შემოკრებით შესაძლებელია შემოიკრიბოს [დეპუტატები]. არაფერი გამორიცხული არ არის“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.
ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის და პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების თაობაზე 22 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ჩააგდო. კანონპროექტის ხელმომწერები გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილიც იყვნენ, რომლებმაც ასევე დატოვეს „ქართული ოცნება“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრობაზე უარი თქვა ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წვრმა ბექა ნაცვლიშვილმაც.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ ახალი ფრაქციის შექმნას გეგმავს და არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს.