weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულში მერობის კანდიდატად ახმედ იმამკულიევი წარადგინა

21:18 კვირა, 24 მარტი 2019

ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპულმა საქართველომ“ მარნეულში, მერის რიგგარეშე არჩევნებში საკუთარ კანდიდატად ახმედ იმამკულიევი წარადგინა. როგორც იმამკულიევმა განაცხადა, მარნეულელები საქართველოში იქნებიან პირველები, ვინც „ოლიგარქიულ მმართველობას“ დაამარცხებენ.

„ჩვენ მარნეულში ვიბრძოდით და ვიბრძვით ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ. როგორც ჩვენმა ლიდერმა აღნიშნა, ჩვენი ბრძოლა იქნება წარმატებული. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მარნეულში არაფერი არ გაკეთებულა „ქართული ოცნების“ მიერ. აუცილებლად უნდა დამარცხდეს ეს პარტია არა მარტო მარნეულში, არამედ მთელ საქართველოში, სადაც იქნება შუალედური არჩევნები. ჩვენ, მარნეულელები ვიქნებით პირველები, ვინც დაამარცხებენ ოლიგარქიულ მმართველობას საქართველოში“, – განაცხადა იმამკულიევმა.

ახმედ იმამკულიევი მერობის კანდიდატად „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ და ასევე, „ევროპულ საქართველოსთან“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ წარადგინეს.

„მარნეული უმნიშვნელოვანესი რაიონია. ახმედ იმამკულიევს 2014 წელს მოგებული არჩევნები გაუყალბეს და წაართვეს. 2017 წელს არჩეულმა კანდიდატმა რაც ჩაიდინა, მთელმა საქართველომ იცის. ამიტომ, „ქართული ოცნების“ ადგილი მმართველობაში არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ ჩიხში შეიყვანა მარნეული და ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ამ სიტუაციის შემოტრიალებას“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის მაისში უნდა გაიმართოს.

ახმედ იმამკულიევი, რომელიც ამჟამად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, მერის თანამდებობაზე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც იყრიდა კენჭს. მან ამომრჩეველთა ხმების 19.14% (7077 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა თემურ აბაზოვმა - 69.71% (25 773 ხმა).

რაც შეეხება თემურ აბაზოვს, ის 2018 წლის ივნისში დააკავეს და ბრალი არაადამიანური მოპყრობისთვის წარუდგინეს. აბაზოვი ბრალს არ აღიარებს. სასამართლომ ის წინასწარი პატიმრობიდან დეკემბერში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მარნეულის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა.

„ვფიქრობ, ამ პერიოდში არ იქნება მიზანშეწონილი ასეთი ბრალდებით, ასეთი ბინძური პროვოკაციის შემდეგ, გავაგრძელო იგივე თანამდებობაზე მუშაობა. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“, – განაცხადა აბაზოვმა.

თემურ აბაზოვი მარნეულის მერიისგან ითხოვს 7 თვის, ანუ იმ პერიოდის განაცდურ ხელფასს, როცა ის დაკავებული იყო და უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]