„როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, რომელმაც რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ცოტა ხანში სწორედ ამ დამოუკიდებელ საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა ისევ საკუთარი თანამემამულეებისგან დაუნდობლად დევნილი.
აქვე აუცილებლად უნდა ითქვას - ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.
როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს.
სიმბოლურია, რომ ზვიადის დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში ოცდაათი წელი სრულდება, რაც ჩვენი გმირები თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ მოვლენის მნიშვნელობის შესახებ.
31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, სულ მალე ოთხმოცი წლის გახდება მერაბ კოსტავა, სწორედ ზვიადის და მერაბის სახელებს უკავშირდება ტრაგიკული ცხრა აპრილის გამარჯვების დღედ გარდაქმნა და მეორე რესპუბლიკის დაბადების დღედ გამოცხადება. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გმირებს და ამასთანავე სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ წარსულიდან, რათა შევძლოთ, პირნათლად გავუსწოროთ თვალი მომავალს - 31 მარტი არის დაბადების დღე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, რომელიც შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და რომლის საქმემაც გაიმარჯვა!“ – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. 1994 წელს საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა. 2009-2011 წლებში პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დროებითმა სპეციალურმა კომისიამ იმუშავა, რომელსაც დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობდა. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მიმართავდა მთავარ პროკურატურას „სათანადო რეაგირება“ მოეხდინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეზე გამოვლენილ „ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე“.
გამსახურდიას ოჯახმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2014 წელს მთავრობას საქმის გამოძიების დასრულების თხოვნით მიმართა. წერილში გამსახურდიები აღნიშნავდნენ, რომ მმართველმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გამოავლინა პოლიტიკური ნება, რომ მსვლელობა მისცემოდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებას და საქმის დასრულებას.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა ხანდაზმულობის ვადა 2018 წლის ბოლოს ისე იწურებოდა, რომ საქმე ჯერ გამოძიებული არ იყო. მას შემდეგ, რაც კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს, პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანა გადაწყვიტა. შედეგად ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულების ვადა დამატებით 5 წლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.