weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კლუბებში სპეცოპერაციის მერე კლუბური ნარკოტიკებით გარდაცვალების ფაქტები შემცირდა – გახარია

22:30 კვირა, 12 მაისი 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევები „კრიტიკულად არის შემცირებული“.

„12 მაისის შემდეგ, როცა ჩატარდა ეს ღონისძიება, კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტი ერთი წლის განმავლობაში გვქონდა ორი, ორი ტრაგიკული შემთხვევა. რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, ერთი წლის წინ ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში იყო უმძიმესი მოლოდინის დღეები. და იმდენად კრიტიკულად არის შემცირებული ასეთი შემთხვევები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - 12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციისა და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა ორი. ამის შემდეგ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ -

როგორც კი მსგავსი პოზიტიური გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, არ იქნება არცერთი დახურული ზონა“, – განაცხადა გახარიამ.

2018 წლის 12 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნარკოტიკების 8 რეალიზატორი დააკავეს, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, ღამის კლუბების გარეთ, სხვადასხვა ადგილებზე აიყვანეს.

ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომლის მონაწილეებიც მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, საპოლიციო სისტემის და ნარკოპოლიტიკის რეფორმას ითხოვდნენ. აქციის მეორე დღეს რუსთაველის გამზირზე ნეონაცისტური და ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფები გამოჩნდნენ, რამაც ვითარება უკიდურესად დაძაბა. შს მინისტრმა თქვა, რომ უჭირდათ საპირისპირო აქციის მონაწილეების შეკავება, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს თავდასხმით ემუქრებოდნენ. ამასთან, შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის გამო და პირობა დადო, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით ხელისუფლება მუშაობას გააქტიურებდა.

აქტივისტები, ვინც ერთი წლის უკან, პარლამენტის შენობის წინ აქციაში მონაწილეობდნენ, აცხადებენ, რომ შს მინისტრმა პირობა არ შეასრულა. სპეცოპერაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC). განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთი წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე დამაჯერებელი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხები ამ დრომდე არ მიუღიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]