weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიპლომატებს ვთხოვთ რეაგირებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების II ტური არ განმეორდეს – რულოვსი

11:01 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ხელისუფლება 19 მაისის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. რულოვსის თქმით, რეაგირებას დიპლომატიური კორპუსისგანაც ითხოვენ.

„დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვთ რეაგირებას, რომ არ მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამეორება – უხეში მოსყიდვები, გაყალბება და ზეწოლა, რამაც მაგალითად, ზუგდიდში ია კერზაია შეიწირა.

დიპლომატიურ კორპუსს ვანახეთ ვიდეოები, ვესაუბრეთ გარემოზე, რომელშიც გვიწევს კამპანიის ჩატარება. ისინი შედიან ჩვენს მდგომარეობაში და იქნება მსჯელობა, როგორ შეიძლება ამაზე რეაგირება. ყოველ ნაბიჯზე პროვოკაციებია, ზონდერები, დედის გინება, გუშინ კი ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ. როგორც ჩანს, მასობრივად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის“, – განაცხადა რულოვსმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

„საერთოდ, ჯერ პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე სიები საუბნო კომისიისთვის გადაცემულიყო. სიები უნდა იყოს დალუქული, ბოლო წუთში გადაცემული და არ უნდა გახდეს ბერკეტი იმისა, ჩვენს ამომრჩევლებზე ზეწოლა მოხდეს. დღეს როგორც ჩანს, სამწუხაროდ ეს ხდება, რაც საარჩევნო კოდექსის ძალიან უხეში დარღვევაა.

ელჩები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამას ხვდებიან და მათ ქვეყნებთან, სათაო ოფისებთან ამაზე მსჯელობა ექნებათ. ასევე ვთხოვთ, დამკვირვებლები დამატებით კიდევ გამოგვიგზავნონ.

ძალიან ნათლად ჩანს, რისთვისაც ემზადებიან და რომ არ აწყობთ ჩვენი გამარჯვება და უპირატესობა ამ ბრძოლაში, ყველანაირად ცდილობენ, ჩაშალონ და ზეწოლა მოახდინონ, ყველანაირ მექანიზმზე და მეთოდებზე მიდიან.

ეს დაუშვებელია, ჩვენ უნდა დავიცვათ უბნები, ხმები და ადამიანები ამ ზეწოლისგან და საერთოდ, ამ მთავრობისგან. აქ არ არის მარტო ჩემს მერობაზე საუბარი, მთელი ქვეყანა ამ განსაცდელშია და საპრეზიდენტო არჩევნებზეც კარგად ვნახეთ, რა ხდება.

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც თავს დაგვესხნენ, იყო ერთი ადამიანის დაკავება, რაც, რა თქმა უნდა, არასაკმარისია. არ არის საკმარისი რეაგირება, არ უნდა გაუჭირდეთ დამნაშავის გამოვლენა“, – აღნიშნა რულოვსმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში უკანონო ხერხების გამოყენებისგან, „რათა საარჩევნო პროცესებს და ქვეყნის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]