weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არაეთიკური პოსტის გამო ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს ტოვებს

16:14 პარასკევი, 31 მაისი 2019

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება–კონსერვატორების“ ყოფილი თავმჯდომარე ნანა კოსტავა, რომელმაც სოციალურ ქსელში არაეთიკური პოსტი გამოაქვეყნა, დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა.

დეპუტატის მტკიცებით, სალომე ბარკერის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ არ იცოდა.

„რაღაც ტრაგედია რომ მოუვიდა, კი ვიცოდი, მაგრამ 16 წლის ბავშვი თუ იყო დაღუპული, ნამდვილად არ ვიცოდი. მე მეგონა, სამსახურიდან გაუშვეს ან რაღაც უსიამოვნება შეხვდა. თუ გესმით ჩემი და ადამიანობისა, ნამდვილად არ ვიცოდი იმიტომ, რომ მეც დედა ვარ და მაგხელა შვილები მყავს. თუ არადა, მე მივიღე ჩემი სასჯელი ყველანაირად. ფრაქციის თავმდჯომარეობა დავტოვე, ფრაქციიდანაც გამიშვეს, ყველა გაემიჯნა ჩემს იმას და ყველაფერი... აუცილებლად საკრებულოსაც დავტოვებ. მე არა ვარ სკამზე მიჯაჭვული პიროვნება… არც ხელფასი, არც სკამი და არც პოპულარობა მიღირს არაფრად“, – განაცხადა ნანა კოსტავამ.

მისივე თქმით, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკრებულოს მომდევნო კვირაში მიმართავს.

28 მაისს ნანა კოსტავამ ფეისბუქზე გააზიარა სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო წარწერით „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. ვიდეოში სალომე ბარკერს თითზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული და ჯვარს გამოსახავს, რითიც კომპანია „აიისას“ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოსტავას მიერ პოსტის გაზიარება დროში დაემთხვა 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც სალომე ბარკერის 16 წლის და დაიღუპა.

როგორც გაირკვა, მსგავსი შინაარსის პოსტი ნანა კოსტავამ 2017 წლის 24 თებერვალსაც გამოაქვეყნა, როდესაც ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი საავადმყოფოში გარდაეცვალა. მაშინ საკრებულოს დეპუტატი წერდა, რომ „ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად“.

ნანა კოსტავამ უკვე დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა. ის ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც გარიცხეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]