weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შეძრწუნებულები ვართ - სამთავრობო უწყებების განცხადებები 15 წლის ბავშვის თვითმკვლელობაზე

23:31 სამშაბათი, 17 დეკემბერი 2019
ფოტოზე - გარდაცვლილი ლუკა სირაძე ფოტოზე - გარდაცვლილი ლუკა სირაძე

„უპირველესად, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის არასრულწლოვნის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან და დაინტერესებულია, ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მიმართ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. ადვოკატის და ოჯახის წევრების თქმით, ბავშვმა თავი სავარაუდოდ სწორედ პოლიციაში განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო მოიკლა.  

„შეძრწუნებულები ვართ მომხდარით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანასკოლელებს. სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები გააგრძელებენ მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებსა და „მწვანე სკოლაში“ მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

ლუკა სირაძის გარდაცვალებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა: „15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენი საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა. ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები“.

ლუკა სირაძე დღეს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ის 6 დღის განმავლობაში იყო მოთავსებული. მის გადასარჩენად ექიმები ისრაელიდანაც მოიწვიეს, მაგრამ ბავშვს გული გაუჩერდა.

მოზარდი 11 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის განცხადებით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში, 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ადვოკატ რევაზ აჭარაძის თქმით, პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარების გაწევა მოითხოვა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს - ბავშვს აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება.

15 წლის ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. გამომძიებელი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

ბრალის წარდგენის შემდეგ გამომძიებელი ავად გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]