weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

რას აკეთებენ პუტინთან დაახლოებული ხუბუტია და ხომერიკი კახეთში

17:25 ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2020
ფოტოზე - მიხეილ ხუბუტია ფოტოზე - მიხეილ ხუბუტია

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, „რუსეთში ქართველთა კავშირის“ თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტიამ კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში დაახლოებით 800 ათასი კვადრატული მეტრი (80 ჰექტარი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იყიდა. უძრავი ქონება მიხეილ ხუბუტიას ცოლისდაზე, ნონა ჯანაშიაზეა გაფორმებული. ხუბუტია ადასტურებს, რომ ეს მისი ინვესტიციაა. მანვე ნაფარეულში გაარემონტა სტადიონის შენობაც, რომელიც მუნიციპალიტეტის ქონებაა. კახეთის გუბერნატორი და თელავის მერი აცხადებენ, რომ ხუბუტიას არ იცნობენ და არც მისი „ინვესტიციების“ შესახებ იციან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ხუბუტიას ცოლისდამ ნაფარეულში სახნავი მიწის ყიდვა 2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. მხოლოდ 17-27 ოქტომბრის პერიოდში, მის სახელზე, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე 524 660 კვადრატული მეტრია რეგისტრირებული, რაც 52 ჰექტარზე მეტია. საერთო ჯამში ნონა ჯანაშიას საკუთრებაში ნაფარეულში 80 ჰექტრამდე მიწაა.

2018 წლის 15 ნოემბერს ნონა ჯანაშიამ შპს „შატო ნიკუშა“ დააფუძნა, რომლის 100 % წილის მფლობელიც თვითონაა. იმავე წლის 21 დეკემბრიდან ფიზიკური პირი ნონა ჯანაშიას საკუთრებიდან მიწის ნაკვეთები შპს „შატო ნიკუშას“ საკუთრებაში გადადის.

„ეგ არის ჩემი ინვესტიციები. მე ვარ როგორც რუსეთის, ასევე, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. ჩემი ფული ჩამომაქვს და ჩემი ფულით ვაკეთებ. პირს სასოფლო სამეურნეო მიწების ყიდვა არ შეუძლია თუ საქართველოს მოქალაქე არ არის. ამიტომ, მფლობელი არის ნონა ჯანაშია, ჩემი მეუღლის და, მე ვეხმარები“, - უთხრა ქართულ მედიას პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა.

მიხელ ხუბუტიამ ნაფარეულში შეძენილ ვენახებში ამავე სოფლის მცხოვრებლები დაასაქმა და მათი ნაწილის კეთილგანწყობაც მოიპოვა. მან სოფლის სტადიონზე მდებარე შენობაც გაარემონტა. „წადი და ნახე, სტადიონი როგორ გავაკეთე, შე დებილო. შენ რა გაგიკეთებია“, - მიმართა ხუბუტიამ „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ლიდერს გიორგი ბოტკოველს, რომელმაც გუშინ, ნაფარეულში, ხუბუტიას მიერ დიდი რაოდენობით მიწის შესყიდვა გააპროტესტა. „ის ადამიანი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, დღეს კახეთში ყიდულობს მიწებს. ხვალ შეიძლება ბატონმა ხუბუტიამ თქვას, რომ ეს არის მისი ტერიტორია და არის რუსეთის ტერიტორია“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ხუბუტიამ მას უსაქმური უწოდა და დაემუქრა: „გავარდით ეხლა აქედან! ჩაგკლავთ ღორივით, წადით აქედან“.

სოფელ ნაფარეულში მდებარე სტადიონი და მისი შენობა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. სოფელში მერის წარმომადგენელმა გიორგი ჯიქურიშვილმა „რეგინფოს“ დაუდასტურა, რომ შენობის სახურავი და კარ-ფანჯარა ხუბუტიამ 2019 წლის ბოლოს შეცვალა.

„დანგრეული შენობა იყო, სახურავი არ ჰქონდა, კედლები დაშლილი. დააფარა სახურავი, ფანჯრები ჩასვა, ველოდებით რომ ბოლომდე უნდა გააკეთოს.

- მუნიციპალიტეტმა რატომ არ გააკეთა?

- მუნიციპალიტეტმა რაც შეეძლო, გააკეთა 2016 წელს, ტრიბუნები, რაღაცები გაკეთდა.

- ხუბუტია რატომ არემონტებს ნაფარეულში სტადიონის შენობას, ნებართვა აქვს?

- ხუბუტია რატომ აკეთებს? იმიტომ აკეთებს, რომ სურვილი აქვს გააკეთოს. ნეტა თქვენ ან მეც გვქონდეს საშუალება რომ გავაკეთოთ“.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა „რეგინფოს“ განუცხადა, რომ ნაფარეულის სტადიონის შენობის რეაბილიტაციაზე მერიას არანაირი ნებართვა არ გაუცია და არც არავის გაურემონტებია.

- ბატონო შოთა, სახურავი ხუბუტიამ შეცვალა, კარ-ფანჯარაც, ბოლომდე რეაბილიტაციას დაპირდა სოფელს. თქვენმა წარმომადგენელმაც დაგვიდასტურა.

- არ მაქვს მე ეგ ინფორმაცია. ვერ დაგიდასტურებთ“.

კახეთის გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს ვკითხეთ, იცის თუ არა, რომ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენები მიხეილ ხუბუტია და ვლადიმერ ხომერიკი კახეთში, თელავსა და ლაგოდეხში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ, ხუბუტია დიდი რაოდენობით მიწას ყიდულობს და ნაფარეულში სტადიონის შენობაც გაარემონტა.

- ხუბუტია და ხომერიკი ვინ არიან?

- არ იცით?

- არ ვიცნობ არცერთს.

- ნაფარეულში რომ 80 ჰექტარი აქვს ნაყიდი ხუბუტიას, არც ამის შესახებ იცით?

- სახელმწიფოსგან არც გვქონია რაიმე განცხადება ასეთ გვარზე.

- მიხეილ ხუბუტიას არ იცნობთ? არ იცით ვისზე გესუაბრებით?

- არ ვიცნობ მიხეილ ხუბუტიას. გავიგე ვისზეც მეკითხები, მაგრამ არ ვიცნობ მეთქი და რა გითხრათ ახლა?

- მიწებს რომ ყიდულობდა და ყიდულობს, არც ეგ იცოდით?

- სახელმწიფოსგან მას ჩვენთვის არანაირი მიწის შესყიდვაზე არ მოუმართავს.

- ნაფარეულის სტადიონის შენობა რომ გაარემონტა, არც ამის შესახებ იცით?

- არა, ჩემთან და ჩვენთან მას არასდროს მოუმართავს ამისთვის.

- თქვენთან, გუბერნატორის ადმინისტრაციას გულისხმობთ თუ მერიასაც?

- გუბერნატორის აპარატს. მე მერია არა ვარ.

- ნორმალურად მიგაჩნიათ ის ,რომ ხუბუტიამ გაარემონტა სტადიონის შენობა?

- შეფასებაში ვერ შევალ.

- რატომ?

- არც ვიცი ვინ არის ეს მიხეილ ხუბუტია ნორმალურად. ახლა თქვენგან გავიგე, რომ მან სტადიონი გაარემონტა.

- პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი რომ სახელმწიფო ქონებას არემონტებს, ეს ნორმალურია?

- რას მელაპარაკებით ახლა თქვენ, ვინმე ვინმესთან არის დაკავშირებული, მე ავუკრძალო?

- მივიდა ხუბუტია და მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სტადიონის შენობა გაარემონტა. უნებართვოდ მოხდა ეს ყველაფერი?

- მერია არ არის ჩემი სტრუქტურა.

- მაგრამ მერი ხომ არის თქვენი გავლენისა და კონტროლის ქვეშ?

- არვიცი ეგ - სტადიონის გარემონტება რეალობაა თუ არა. მე არ გამიგია ასეთი რამ და რაც არ გამიგია, იმაზე პასუხს ვერ გაგცემთ“.

მიხეილ ხუბუტია პუტინის რეჟიმის აქტიური მხარდამჭერია. ის 2007 წლიდან „რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარეა“. ხუბუტია არის მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მეგობარი და იოსებ კობზონის ბიზნესპარტნიორი. ბოლო 2 წელია რაც ის საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებებს აქტიურად აფინანსებს. მათ შორის, 2018 წელს ზუგდიდში N1 საჯარო სკოლის 150 წლის იუბილე მიხეილ ხუბუტიას ფინანსური მხარდაჭერით აღინიშნა. ხუბუტია ზუგდიდის მოსახლეობას საცურაო აუზის მშენებლობასაც დაპირდა.

2019 წლის ზაფხულში, ახალციხეში, ორგანიზაცია „მეგობრობა და ერთობა“ დაფუძნდა, 20 ოქტომბერს კი კიდევ ერთი მსგავსი ორგანიზაციის, „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“ პრეზენტაცია გაიმართა. ორივე ღონისძიებას „რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი, პუტინთან დაახლოებული ვლადიმერ ხომერიკი ესწრებოდა. გასულ წელს ხომერიკმა შეხვედრები გამართა გორშიც.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ ორგანიზაციების საქმიანობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს.

„რუსული პროპაგანდა პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებებს და დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“.

2020 წლის 29 იანვარს, ვლადიმერ ხომერიკმა შეხვედრა ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში გამართა, შემდეგკი ლაგოდეხში ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატია მშვიდობიანი თანაარსებობისათვის“ დააფუძნა. ხომერიკი ლაგოდეხელებს უხსნიდა, რომ რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას აპირებდა, რასაც ხელი 2019 წლის 21 ივნისს, თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის წინააღმდეგ განვითარებულმა მოვლენებმა შეუშალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]