weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვისთან დაპირისპირებას შეეწირნენ ონის მერი და მისი პირველი მოადგილე

21:25 ორშაბათი, 06 აპრილი 2020
ფოტოზე - დიმიტრი საყვარელიძე და ემზარ საბანაძე ფოტოზე - დიმიტრი საყვარელიძე და ემზარ საბანაძე

ონის მერი ემზარ საბანაძე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მამაა, გუშინ გადადგა. თანამდებობა დატოვა მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემაც, რომელიც საბანაძის კადრია. არცერთი მათგანი გადადგომის მიზეზებს არ განმარტავს. როგორც „რეგინფომ“ გამოარკვია, ემზარ საბანაძეს რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე და გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე დაუპირისპირდნენ.

ენუქიძე-ჯაფარიძესა და საბანაძეს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ კონფიდენციალობის დაცვის პირობით დაუდასტურა ონის საკრებულოს უმრავლესობის რამდენიმე წევრმა.

ემზარ საბანაძის პირადი განცხადება გადადგომის შესახებ, ონის საკრებულოს ცნობად დღეს უნდა მიეღო. „საკრებულოდან გუშინ დაგვირეკეს, რომ სხდომა დღეს, ორშაბათს გაიმართებოდა. საღამოს ისევ დამირეკეს და მითხრეს, რომ სხდომა გადაიდო. მიზეზი არ უთქვამთ“, - უთხრა „რეგინფოს“ ნოდარ ბურდილაძემ, ონის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია „ონის“ თავმჯდომარემ.

ონის მერს მეორე მოადგილეც ჰყავს, ეკა მაისურაძე. სავარაუდოდ, მერის მოვალეობას ის შეასრულებს. „მერი რატომ გადადგა, არ ვიცი. ვიდრე წავიდოდნენ, შეხვედრა გვქონდა, მაგრამ რა ვალდებულება მაქვს, რომ გითხრათ. თვითონ ბატონი მერი და მისი მოადგილე ახსნიან, როცა საჭირო იქნება. ეს მათი გადაწყვეტილებაა და არა ჩემი“, - ამბობს ეკა მაისურაძე.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ოთარ სირაძის თქმით, ენუქიძეს, ჯაფარიძესა და საბანაძეს შორის არსებულ დაპირისპირებას რამდენიმე მიზეზი აქვს:

„ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ამავე რეგიონში ისევ განიხილება კანდიდატად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. როგორც ვიცი, ონის მერი სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს რომ მართავდა, მაჟორიტარის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავდა. ამბობდა, რომ ენუქიძე ვერ ასრულებს მაჟორიტარის ფუნქციებს. ენუქიძე ხალხთან შეხვედრებით არ გამოირჩევა. ონში მას არც ცნობადობა აქვს და არც გავლენა. წარმოშობით ამბროლაურის ერთ-ერთი სოფლიდან არის. მას ხალხში მოძრაობა საარჩევნო პერიოდშიც კი არ უყვარს და პარლამენტში რომ შედის, მერე საერთოდ აღარ ჩადის. ხალხი ხომ კითხულობს თავის დეპუტატებს, ზოგი ჩადის და ენახვება მაინც ამომრჩეველს, ეს არა. ენუქიძის პოზიციები ონში შერყეულია. სამაგიეროდ, საბანაძის პოზიციები იყო ძალიან გაზრდილი, მათ შორის მისი შვილის ფაქტორიდან გამომდინარე.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საბანაძე არ განიხილებოდა. ონის ამომრჩეველი ცოტაა, ოლქი კი ძალიან დიდია - მესტიაც შედის, ლენტეხიც, ამბროლაურიც და ცაგერიც. საბანაძეს არც სვანეთში იცნობენ და არც ლეჩხუმში, მაგრამ არ არის გამორიცხული მისი შვილი, კახა საბანაძე ყოფილიყო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი.

მთავარი ამ დაპირისპირებაში ენუქიძე საბანაძეს შორის, მაინც ის იყო, რომ რად უნდა ენუქიძეს ისეთი მერი, რომელიც მას ლანძღავს? მითუფრო, როგორც გითხარით, ონში მას ცუდი პოზიციები აქვს.

რაც შეეხება არჩილ ჯაფარიძესთან დაპირისპირებას, ემზარ საბანაძეს რეგიონის გუბერნატორობა სურდა. ამასთან, ის ტენდერების გამოცხადების და სხვა შესყიდვების დროს არ ითვალისწინებდა მოქმედი გუბერნატორის ინტერესებს, სათავისოდ ჰქონდა მორგებული“.

- ენუქიძემ და ჯაფარიძემ როგორ აჯობეს ემზარ საბანაძეს, რომ შვილმაც ვერ დაიცვა? კახაბერ საბანაძე შს მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა იმ პერიოდშიც, როცა შს სამინისტროს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

გოჩა ენუქიძის პოზიციები ბიძინა ივანიშვილის კარზე საკმაოდ მაღალია. დაახლოებულია ვანო ჩხარტიშვილთან და ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან. ენუქიძე და ფარცხალაძე დიდი ხნის მეგობრები არიან. გავლენები აქვს. საბანაძეები ვერ აჯობებდნენ ამ დაპირისპირებაში და მოახსნევინეს კიდეც“.

მთელი დღის განმავლობაში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ემზარ საბანაძემ, დიმიტრი საყვარელიძემ, გოჩა ენუქიძემ, არჩილ ჯაფარიძემ და ონის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძემ „რეგინფოს“ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხეს.

ონის საკრებულოს წევრები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან ადასტურებენ, რომ ემზარ საბანაძის გადადგომა მათთვის მოულოდნელი იყო. იგივეს ამბობს ონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თამარ ლობჯანიძეც: „ამას ნამდვილად არ ველოდებოდით. ბევრი პროექტია დაგეგმილი, რომლის განხორციელებასაც გეგმავდა ბატონი ემზარი. ძალიან გვეწყინა მერის და მისი მოადგილის წასვლა. დიმიტრი აქ სამუშაოდ თბილისიდან ჩამოვიდა, კარგად უძღვებოდა იმ მძიმე საქმეს, პროექტირებას, ზედამხედველობას. ასეთი მერი, ჩვენ, ყველა თანამშრომელს, ნებისმიერ მოქალაქეს რომ ჰკითხოთ, გამონაკლისების გარდა, ყველას ძალიან დაენანა. ონში ბევრი რამე გააკეთა. დღეს დაგვემშვიდობნენ. დღევანდელ შეხვედრაზე გვითხრა, რომ მართალია ოთხი წელი ჯერ არ გასულა, მაგრამ საჭირო გახდა დაგემშვიდობოთო. სხვა განმარტება არ გაუკეთებიათ“.

 

ბრალდებები ონის მერის მიმართ

ონის მერის ემზარ საბანაძის მიმართ ბოლო პერიოდში რამდენიმე ბრალდება გახმაურდა. მათ შორის, საბანაძეს თანამშრომელი ქალის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მერმა გაჩუმების სანაცვლოდ მსხვერპლი დააწინაურა.

კიდევ ერთი ბრალდების თანახმად, ემზარ საბანაძე რაჭაში 640 ათასი კვმ (64 ჰექტარი) მიწის მფლობელია. სინამდვილეში, სოფელ შქმერში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 64 ჰექტარ სათიბს, იჯარის უფლებით ფლობს შპს „დაუთა“, რომელიც საბანაძეების ოჯახის კომპანიაა. მერს აღნიშნული საწარმოს შესახებ ინფორმაცია არც 2018 და არც 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციებში შეტანილი არ აქვს, რაც კანონის დარღვევაა, თუმცა მერი არავის დაუჯარიმებია. ნიშანდობლივია, რომ გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას, 2016 წელს, საბანაძეს თავის ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი აქვს ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობაში მისი ან ოჯახის წევრების მონაწილეობის შესახებ. ემზარ საბანაძე შპს „დაუთას“ თაობაზე ქონებრივ დეკლარაციაში ინფორმაციას 2017 წლიდან აღარ უთითებს.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 თებერვლის N 148-ე განკარგულებით, შპს „დაუთამ“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში 64 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 25 წლიანი იჯარით მიიღო. წლიური საიჯარო ქირა 768 ლარით განისაზღვრა. ამ პერიოდში ემზარ საბანაძე ჯერ კიდევ გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა. ონის მერად ის 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს.

მთავრობის ზემოთ აღნიშნული განკარგულების მიხედვით, შოს „დაუთამ“ ვალდებულება აიღო, სოფელ პიპილეთში, არანაკლებ 45 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმა აეშენებინა და მოეწყო; ამისათვის დაახლოებით 95 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა;

შპს „დაუთა“ 2007 წლის 19 სექტემბერს არის დაფუძნებული - წილის 50 %-ის მესაკუთრე ემზარ საბანაძეა, იმ დროისთვის ამდენივეს ფლობს ეთერ საბანაძე, მისი მეუღლე. დირექტორიც ემზარ საბანაძეა.

2016 წლის 20 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ემზარ საბანაძე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა, მან თავისი კუთვნილი წილი შვილზე, ქეთევან საბანაძეზე გადააფორმა.

2017 წლის მდგომარეობით, როცა შპს „დაუთას“ მთავრობის განკარგულებით, ფაქტობრივად უფასოდ, შქმერში 64 ჰექტარი მიწა გადაეცა, საწარმოს ორი მესაკუთრე ჰყავდა - ეთერ და ქეთევან საბანაძეები (წილის 50-50 %).

ამ პერიოდში შპს „დაუთა“ თანამშრომლობდა შვეიცარულ-ქართულ კომპანია შპს „ბლაუნშტაინ საქართველოსთან“ და ჩართული იყო რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების პროექტში. პროექტის ფარგლებში საბანაძეებმა პიპილეთში საქონლის ფერმა ააშენეს, თუმცა შპს „დაუთამ“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად ვერ შეასრულა და პირგასამტეხლო დაეკისრა.

2019 წლის დეკემბერში ეთერ და ქეთევან საბანაძეებმა შპს „დაუთას“ წილი დათმეს და 100 % ქეთევან მგალობლიშვილის სახელზე გააფორმეს, რომელიც ემზარ საბანაძის დისშვილია.

მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის N 49 განკარგულებით, შპს „დაუთა“ დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა.  

ონის მერად მუშაობისას, ემზარ საბანაძის დავალებით ზეწოლა განახორციელეს ახალდაფუძნებული რაჭის სათემო ორგანიზაციის წევრებზე. რამდენიმე მათგანი მოსალოდნელი პრობლემების თაობაზე გააფრთხილეს და დაემუქრნენ.

 

გადამდგარი მერები

გასულ კვირას უფლებამოსილება ვადაზე ადრე მოიხსნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ. ხელწერა აქაც იგივეა, როგორც ონში. უფლებამოსილების შეწყვეტამდე მერს განცხადებით მიმართა პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფანჩულიძემ. მერმა ჯერ მისი განცხადება დააკმაყოფილა და მერე თავად გადადგა. ონის ყოფილი მერისა და მისი ყოფილი პირველი მოადგილის მსგავსად, კომენტარი არც თერჯოლაში თანამდებობიდან გადამდგარ ხელმძღვანელ პირებს გაუკეთებიათ.

9 მარტს თანამდებობა დატოვა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა. საკრებულოს წევრების ინფორმაციით, მერს დაპირისპირება ჰქონდა შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი მეზურნიშვილთან.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში. თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში.

კასპშიც, თერჯოლაშიც და ონშიც მერის რიგგარეშე არჩევნები წელს, სავარაუდოდ ოქტომბერში გაიმართება და საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვევა. ახალ მერებს 2020 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილი ვადით აირჩევენ.

 

ამ თემაზე:

ვერავინ წამართმევს უფლებას, რომ ონში ვიყო - ემზარ საბანაძე

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]