weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთის ხელისუფლების კავშირზე ბრალდება აბსურდულია – პესკოვი გიორგი გაბუნიას საქმეზე

18:05 ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირზე ყველანაირ ეჭვს აბსურდულს უწოდებს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს.

„ამაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. ერთ რამეს გეტყვით, თუ გახსოვთ, თავიდანვე ისმოდა ბრალდება ლამის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით ამ ინციდენტში მათი მონაწილების შესახებ. თავიდანვე ვთქვით, რომ ამ საქმეში ნებისმიერი ბრალდება აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა პესკოვმა.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 15 ივნისს განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღით ადრე დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც ერთი წლის წინ, „რუსთავი 2“-ზე მუშაობის პერიოდში, გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინება გახდა. მისივე თქმით, ამ საქმეზე გამოძიება უკრაინის ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს შეუტყობინებლად.

„კორონაპანდემიის დროს, როდესაც კონტროლი მოიშალა, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს სამართალდამცავებს.საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად, ჩათვალა უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად“, – განაცხადა „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და დაადასტურა, რომ ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა. სუს-ის ცნობით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასამბეკ ბოკოვს აღკვეთს ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატმა მთავარ არხთან განაცხადა, რომ ვასამბეკ ბოკოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, შეძენას, შენახვას გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებას ან გამოყენებას.

ბრალდებას რამზან კადიროვი 16 ივნისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუკი ვინმე მისი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს კიდეც.

„თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ამის შესახებ ვერავინ, მითუმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები [საქართველო და უკრაინა] ვერ გაიგებენ“, – განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]